ახალი ამბები

რუსეთმა ხერსონი ბოლო 4 დღეში 62-ჯერ დაბომბა — უკრაინული მხარე

25 ნოემბერი, 2022 • 1077
რუსეთმა ხერსონი ბოლო 4 დღეში 62-ჯერ დაბომბა — უკრაინული მხარე

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხერსონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს.

უკრაინული მხარის ცნობით, 24 ნოემბერს ქალაქზე, ჯამში, 17 თავდასხმა დააფიქსირეს.

ბოლო დაბომბვებს შეეწირა 7 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 20-ზე მეტი. ასევე, განადგურდა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

კიევის თანახმად, ბოლო 4 დღეში ხერსონი 62-ჯერ დაიბომბა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ქალაქს, პრაქტიკულად, საათში ერთხელ ბომბავს. მისივე განცხადებით, მხოლოდ დეოკუპაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს შეუძლია არსებული მდგომარეობის შეცვლა.

ქალაქი ხერსონი უკრაინულმა ძალებმა ნოემბრის თვეში გაათავისუფლეს.

მანამდე ოლქის ტერიტორიაზე არაღიარებული რეფერენდუმი ჩატარდა, რის შედეგადაც რუსეთმა თავის ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა მალევე მოუწიათ ოლქის დედაქალაქისა და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი