ახალი ამბები

„გელათის გადასარჩენად“ – თბილისში აქცია გაიმართა [ვიდეო]

24 ნოემბერი, 2022 • 748
„გელათის გადასარჩენად“ – თბილისში აქცია გაიმართა [ვიდეო]

თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გელათის მონასტრის გადარჩენის მოთხოვნით აქცია იმართება. დღევანდელი აქციის ორგანიზატორია მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი.

ორგანიზატორების თანახმად, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში, „კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან უხეშად იქნა უკუგდებული ქართველი და უცხოელი მაღალი დონის სპეციელისტებისა და საქართველოს საპატრიარქოს არაერთგზის გაფრთხილება, რომ სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები 2020-2021 წლებში გამოვლენილ უმძიმეს მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებდა“.

„საბოლოოდ, ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ძეგლის გადარჩენის შესაძლებლობა“, – აცხადებს პროფკავშირი.

„ჩვენ ვითხოვთ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს დაუყოვნებლივ ჩამოშორდეს მინისტრი თეა წულუკიანი და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს პროცესთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია და დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში ყველა მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.


მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია.

ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება…

გაეცანით სტატიას „ნეტგაზეთის“ არქივიდან, რომელიც ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას – რა დაემართა გელათს და ვინ არის პასუხისმგებელი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი