ახალი ამბები

იზრდება უცხოეთში მოგზაური ქართველების რაოდენობა

24 ნოემბერი, 2022 • 459
იზრდება უცხოეთში მოგზაური ქართველების რაოდენობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ 693.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა, რაც 3.3-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

ხოლო ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასულები, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

ვიზიტების უმრავლესობა, 57.9 პროცენტი, თურქეთის რესპუბლიკაზე მოდის, 14.6 პროცენტი – რუსეთზე, 8.8 პროცენტი- ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო დარჩენილი 18.7 პროცენტი დანარჩენ ქვეყნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი