ახალი ამბები

კიევის 70%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება — კლიჩკო

24 ნოემბერი, 2022 • 1171
კიევის 70%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება — კლიჩკო

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მორიგ ჯერზე, 23 ნოემბერს, რაკეტებით შეუტია უკრაინას, დედაქალაქ კიევის 70%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, 24 ნოემბრის მდგომარეობით, ენერგეტიკოსები ყველა შესაძლო გზებით ცდილობენ დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის შეკეთებას. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი უკრაინის ენერგოსისტემაში ბალანსის აღდგენა. ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს ენერგოობიექტებს.

ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო შეზღუდულია კიევის წყლით მომარაგებაც. თუმცა სპეციალისტებმა შეძლეს წყლის მიწოდების აღდგენა კიევის მარცხენა სანაპიროსთვის. კლიჩკო იმედოვნებს, რომ მარჯვენა სანაპიროს დღის მეორე ნახევრისთვის მაინც მიაწვდიან წყალს .

ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმა უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, რადგან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ყინავს.  23 ნოემბერს რუსეთმა, კიევის გარდა, სხვა არაერთი დიდი ქალაქიც დაბომბა, რასაც, ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ნგრევის გარდა, მსხვერპლიც მოჰყვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი