ახალი ამბები

პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გააგზავნა

22 ნოემბერი, 2022 • 1445
პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გააგზავნა

პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გააგზავნა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის ცვლილებები შემდეგ კანონებშია წარდგენილი: საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.

რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე ამ დრომდე „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას, რომ გაერკვნენ, რა პროცესშია ახლა უკრაინული კანონი, რომელსაც „ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი იმეორებს.

აღნიშნული განცხადება პაპუაშილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიისგან გამოიწვია. მანამდე, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას უკრიანის ანალოგიურ კანონპროექტზე დაელოდებოდა.

პაპუაშვილის თქმით, ამის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ევროკავშირისგან არ ჰქონიათ და სიახლეა ის, რაც აშშ-ის ელჩმა ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას, რომ გავერკვეთ, რა პროცესშია ახლა უკრაინული კანონი. ვიცით, რომ კომისიის ვებგვერდზეც არის განთავსებული ეს კანონი და დასკვნის მოლოდინშია. ამიტომ გავარკვევთ ჩვენ, რა მდგომარეობაა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ზოგადად, ცხადია, რომ ჩვენი კანონი არის უკრაინულის ასლი, ამიტომ ვენეციის კომისიისგან რაიმე დამატებითი აზრის მოსმენის საჭიროება არ იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი