ახალი ამბები

ეჭვი არ მეპარება, რომ მუმლაძე მოხსნის კანდიდატურას და დავრჩებით ორნი – მელია არჩევნებზე

22 ნოემბერი, 2022 • 1146
ეჭვი არ მეპარება, რომ მუმლაძე მოხსნის კანდიდატურას და დავრჩებით ორნი – მელია არჩევნებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმდჯომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩება – ის და ლევან ხაბეიშვილი.

საქმე ის არის, რომ უახლოეს მომავალში პარტიამ ხელახლა უნდა აირჩიოს თავმდჯომარე. ამ ეტაპზე კანდიდატები არიან – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. გიორგი ჩალაძემ კი კანდიდატურა 16 ნოემბერს მოხსნა.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში მელიამ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, არჩევნების ჩატარება უდროოა. ის აცხადებს, რომ პარტიაში მანამდეც საუბრობდნენ ამ საკითხზე და არსებობდა შეთანხმება, რომ უმთავრესი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. და არა – არჩევნები.

„თუკი პრეტენზია არსებობს, რომ მიხელ სააკაშვილი დღეს არის ციხეში და აქ ჩემი ბრალეულობაა, მე ამ პრეტენზიას ვიღებ იმიტომ, რომ დღეს ეს რეალობა კვლავ სახეზეა“, – ამბობს ის და ამატებს, რომ ეს პრეტენზია პირადად მისთვის არავის უთქვამს, „არ გაკადნიერებულა არავინ“.

ის ამბობს, რომ მალე თავადაც წარადგენს წინასაარჩევნო კამპანიის დეტალებს, მათ შორის, მისი გუნდის წევრების ვინაობას. კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ კანდიდატთა სია გაიზრდება, მელია აცხადებს:

„დიდი მოლოდინია, რომ [კანდიდატთა სია] შემცირდება, არათუ გაიზრდება. პირველივე დღიდან, არ დავმალავ, ეჭვი არ შეგვპარვია, როდესაც ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე ბატონმა ჩალაძემ კანდიდატურა დააყენა და ბატონმა მუმლაძემ.. ბატონი ჩალაძე, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით მის მიერ დასახელებული არგუმენტების ფონზე…

მაშინ ერთხმად პარტიაში განვაცხადეთ, რომ ერთიც და მეორეც არჩევნებამდე კანდიდატურას მოხსნის. მე ეჭვი არ მეპარება და არც ჩემს თანამოაზრეებს, რომ საბოლოო ჯამში, იქნება ორი კანდიდატი. ყველა ასე ვფიქრობთ, რომ ბატონი მუმლაძე დროებით იასპარეზებს და საბოლოო ჯამში, დავრჩებით მე და ბატონი ლევანი“, – აცხადებს ნიკა მელია.,“


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს – ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი მუმლაძემ და ლევან ხაბეიშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი