ახალი ამბები

„დროა“: რატომ არ დაესწრო საქართველო გაეროში ირანის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას?

21 ნოემბერი, 2022 • 959
„დროა“: რატომ არ დაესწრო საქართველო გაეროში ირანის  შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას?

პარტია „დროა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, განმარტოს, რატომ არ დაესწრო 16 ნოემბერს გაეროში ირანის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრას.

ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ რეზოლუციით, ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ქვეყანაში სიკვდილით დასჯის საგანგაშო მაღალი სიხშირის გამო. გარდა ამისა, ის მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს გადაჭარბებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ.

„ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს რეგიონის ავტორიტარულ ძალებს. „ქართულმა ოცნებამ“ ირანის რეჟიმის დაგმობისგან თავის შეკავებით ხაზი გაუსვა საკუთარ ცივილიზაციურ არჩევანს რუსეთ-ირანის ალიანსის სასარგებლოდ“, — განაცხადა პარტია „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ირანთან დიპლომატიური კომუნიკაცია აწარმოა და მომავალში ირანთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარების შესაძლებლობა განიხილა.

ასევე, გაიხსენა, რომ მთავრობას პასუხი არ გაუცია კითხვაზე, რატომ მისცა საქართველოს საჰაერო სივრცის კვეთის ნებართვა სამხედრო დანიშნულების აეროპორტიდან აფრენილ და რუსეთისკენ მიმავალ ირანულ ტვირთს.

სანქცირებულია თუ არა ირანული თვითმფრინავი, რომელიც საქართველომ გაატარა?

„ირანში ადამიანის უფლებათა ხელყოფის შესახებ კენჭისყრას არ დაესწრნენ, ანუ არსებითად თავისუფლებისთვის მებრძოლი ირანის მოქალაქეების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს ისეთმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც ან ირანთან მჭიდრო გეოპოლიტიკური კავშირები აქვთ, ან თავად არიან მართულნი ავტორიტარული რეჟიმების მიერ. მაგალითად, მიანმარი, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირანისა და რუსეთის გეოპოლიტიკურმა მოკავშირე სომხეთმა, ბელარუსმა, თავად რუსეთმა, თურქმენეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, ა.შ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა უკრაინამ და მოლდოვამ. ცხადად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას შეიძლება ვუწოდოთ ყველაფერი, გარდა ევროპული და დემოკრატიული გზისა. „ქართული ოცნება“ ემეგობრება მათ, ვისაც ემეგობრება რუსეთი, ხოლო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ლანძღავს ისევე, როგორც რუსეთი“, — განაცხადა ლემონჯავამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს, რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველომ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი