ახალი ამბები

ენმ-მ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა

21 ნოემბერი, 2022 • 660
ენმ-მ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა.

ენმ-ის კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქია პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;
გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედიამომსახურების საშუალებებზე;
დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი.
ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

„ნაციონალური მოძრაობის“  მიერ მომზადებულ კანონპროექტში ასევე განმარტებულია ოლიგარქიული მმართველობა. კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სისტემას, რომლისთვისაც დამახასიათებელია:

ა) ერთპარტიულობა, რაც გულისხმობს იმ კონსტიტუციური უფლემაბამოსილებების განხორციელებას სხვა პარტიების მონაწილეობის გარეშე, რომლისთვისაც საჭიროა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობა;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თუ სახელმწიფო თანამდებობებზე, რომელთა სამართლებრივი ბუნება სახელმწიფო ხელისუფლების შეკავების კონტროლისა და ბალანისის კონსტიტუციური პრინციპის უზრუნვეყოფაა (ცენტრლური საარჩევნო კომისია, სახალხო დამცველი, მთავარი პროკურორი, გენერალური აუდიტორი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის საბჭო, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები), საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება ერთპარტიული უმრავლესობის მიერ, რომელიც გამორიცხავს ამ პროცესებზე სხვა სუბიექტების (საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები) მხრიდან რეაგირების, მონაწილეობის, კონტროლისა და კანონის ფარგლებში ზემოქმედების შესაძლებლობებს;
გ) ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია:

  •  სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებისკენ;
  • მმართველი ძალის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების, გახანგრძლივების, პოლიტიკურ სისტემაში უპირატესი მდგომარეობის შენარჩუნებას ანდა შექმნას, კანონმდებლობის კერძო პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის მორგებას;
  •  მმართველი ძალის სასარგებლოდ პირადი, ანდა დაკავშირებული პირებისთვის სარგებლის და პრივილეგიების დაწესებას.

დ) სახელმწიფო-პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირთა მხრიდან ლოიალობა ოლიგარქისა და ოლიგარქიული მმართველობის მიმართ;
ე) საჯარო ფინანსების მიმართვა კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ, რომელსაც აქვს პოლიტიკური გავლენა შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ კოლეგიურ ორგანოზე ანდა თანამდებობის პირზე;
ვ) ოლიგარქიული მმართველობის სისტემისთვის მისაღები ადამიანების (ოჯახის წევრები, დაკავშირებული პირები, ოლიგარქის მფლობელობაში არსებული იურიდიულ პირებში დასაქმებული პირები) განწესება სახელმწიფო პოლიტიკურ და სახელმწიფო
თანამდებობებზე;
2. პოლიტიკური სუბიექტების მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელიც კონსტიტუციით გათვალისწინებული თანამდებობის პირების დანიშვნას, გათავისუფლებას ეხება, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ჩაითვლება ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობ გადაწყვეტილებად და მიიჩნევა ანტიკონსტიტუციურად.

როგორც კანონპროექტის წარდგენისას ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებით ქართულ კონტექსტს ითვალისწინებს და არ არის მიმართული რომელიმე ერთი კონკრეტული სახელის და გვარის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი