ახალი ამბები

ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ხომეინის სახლს ცეცხლი წაუკიდეს — მედია

19 ნოემბერი, 2022 •
ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ხომეინის სახლს ცეცხლი წაუკიდეს — მედია

ირანში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის საგვარეულო სახლს. აღნიშნულის შესახებ BBC წერს, სოციალურ მედიაში კი ხანძრის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.

ტელეარხის ცნობით, ახალი ამბების სააგენტოებმა შესაბამისი ვიდეოების გადაღების ადგილის დამოწმება შეძლეს, თუმცა რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ, რომ შენობაზე შეტევას ჰქონდა ადგილი.

ამბობენ, რომ რუჰოლა ხომეინი სწორედ ქალაქ ხომეინში მდებარე ამ სახლში დაიბადა. ამჟამად ნაგებობა ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის ხსოვნის მუზეუმია.

ხომეინი 1979 წელს ირანში მომხდარი “ისლამური რევოლუციის” ლიდერი იყო. აღნიშნული პროცესი დაგვირგვინდა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შაჰის, მუჰამად რეზა ფაჰლავის ხელისუფლების დამხობით და ისლამური რესპუბლიკის დამყარებით, რომელიც დღემდე არსებობს.

ხომეინი ისლამური რესპუბლიკის პირველი სულიერი ლიდერი იყო გარდაცვალებამდე  — 1989 წლის 3 იანვრამდე. აღნიშნული თარიღი ირანში ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც გლოვის დღე.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ხარობს ათეულობით ადამიანი ცეცხლის გაჩენის მომენტში. აქტივისტთა ცნობით, კადრები ხუთშაბათის საღამოს არის გადაღებული.

მიუხედავად ამისა, ქალაქ ხომეინის ადმინისტრაცია ნახევრად ოფიციალური სააგენტოსთვის “Tasnim” მიცემულ კომენტარში უარყოფს სახლზე შეტევის ფაქტს უარყოფს.

სააგენტოს თანახმად, “ისტორიული სახლის კარი ვიზიტორებისთვის ღიაა”.

ირანში 2 თვეა მიმდინარეობს დემონსტრაციები ხომეინის მემკვიდრის, აიათოლა ალი ხამენეისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.

დემონსტრაციების ტალღა, რომელსაც ხელისუფლების ხისტი რეპრესიები ვერ აჩერებს, საერთაშორისო მედიაში ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.

პროტესტი ირანში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციები, რომლებიც ირანის საზოგადოების მრავალი სეგმენტის, მათ შორის, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობით ხასიათდება, ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში გაიშალა.

როგორც BBC წერს, პარასკევს დემონსტრანტები კვლავ გამოვიდნენ ქუჩებში იმ ახალგაზრდა ირანელების დაკრძალვისას, რომლებიც, ცნობების თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ იზეში, 9 წლის ბავშვის დაკრძალვისას, ადამიანები სკანდირებდნენ “სიკვდილი ალი ხამენების”. ოჯახის ცნობით, ბავშვს უსაფრთხოების ძალებმა უსროლეს. ხელისუფლება აღნიშნულს უარყოფს.

“ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს”(HRANA) მიხედვით, უსაფრთხოების ძალების მიერ აქციების ჩახშობის მცდელობისას მოკლეს 362 დემონსტრანტი, მათ შორის 56 ბავშვი. მისივე ცნობით, დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 46 წარმომადგენელი.

ირანის ხელისუფლება, როგორც წესი, უარყოფს მკვლელობებთან კავშირს და ამაში უცხო ქვეყნების მხარდაჭერილ “მეამბოხეებს” ადანაშაულებს.

ირანის სასამართლოს თანახმად, 13 ნოემბრის შემდეგ დემონსტრაციებისას დაკავებულ 5 მოქალაქეს მიუსაჯეს სიკვდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი