ახალი ამბები

სენატორის შეურაცხყოფის მიზანი ნამდვილად არ მქონია — ზარქუა

17 ნოემბერი, 2022 • 911
სენატორის შეურაცხყოფის მიზანი ნამდვილად არ მქონია — ზარქუა

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ ჰქონია.

აღნიშნულის შესახებ მან “ფეისბუკზე” დაწერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ზარქუა ჟურნალისტს ამერიკელი სენატორის მიერ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას აწყვეტინებს რეპლიკით “ჩათლახი”.

“დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შეურაცხვყოფ აშშ-ს სენატორს.

რეალურად, სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.

მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან”, — წერს ზარქუა.

მისი თქმით,  ნებისმიერ შემთხვევაში წუხს, თუკი ვინმემ ისე გაიგო მისი გამონათქვამი, “რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა”.

მისივე სიტყვებით, “როგორც წესი”, ჟურნალისტები “შავი, არაოფიციალური” მასალის გამოქვეყნებას “არ კადრულობენ” ხოლმე.

რა მოხდა მანამდე

„ჩათლახი“ — ამ რეპლიკით გაჭრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვა სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გამოთქმული კრიტიკის შესახებ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი დეპუტატს უსვამდა კითხვას სენატორის განცხადებაზე: „ჯინ შაჰინი, რომელიც გამოირჩეოდა…“, რა დროსაც ზარქუამ გააწყვეტინა რეპლიკით „ჩათლახი“.

ამ დიალოგის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა.

თავის კომენტარში მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „სისულელე“ და „შტერობა“ უწოდა მოსაზრებას საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე.

„ამის შემდეგ ვინც იტყვის, რომ გადახვევაა… სისულელეა, შტერობაა. ჯინ შაჰინმა რატომ უნდა გადახედოს ჩვენს პარტნიორობას?“, — კითხულობს ზარქუა.

ვრცლად:

ზარქუამ ამერიკელ სენატორს ჟურნალისტებთან “ჩათლახი” უწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი