ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში სომხეთის პარლამენტის სპიკერი და დეპუტატები იმყოფებიან

17 ნოემბერი, 2022 • 1603
საქართველოში სომხეთის პარლამენტის სპიკერი და დეპუტატები იმყოფებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული კრების სპიკერს ალენ სიმონიანს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს – განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

“აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა მუდმივად პოზიტიურ დინამიკაში ვითარდება, რაც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს”.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

“ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ყველა მხარის საერთო ინტერესშია ვითარების დროული დეესკალაცია და დიალოგის განახლება გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შეიძლება მყარი საფუძველი გახდეს, რათა მხარეებმა შეძლონ ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენა”.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ აღაჯანიანი, მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელაიანი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ტიგრან სეირანიანი.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი