ახალი ამბები

საკონსტიტუციომ პარლამენტის წინააღმდეგ თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

17 ნოემბერი, 2022 •
საკონსტიტუციომ პარლამენტის წინააღმდეგ თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიას და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები.

ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ საქმეში ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავდა.

კერძოდ, მათი ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების, ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს, რის გამოც არაკონსტიტუციურად ცნო გასაჩივრებული ნორმები.

მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესს და პირობებს. კერძოდ, 2022 წლის პირველი მატრიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლდა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.

„სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. ასევე არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ უპირობოდ“, – აცხადებს საია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი