ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ისტორიული ხიდის დანგრევა დაიწყეს

17 ნოემბერი, 2022 • 1963
ცხინვალში ისტორიული ხიდის დანგრევა დაიწყეს

ქალაქ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებამ ისტორიული ხიდის დანგრევა დაიწყო.

ცხინვალელი აქტივისტების მიერ მიწოდებულ ფოტოებს, სადაც ხიდის დემონტაჟია ასახული, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ავრცელებს.

ხიდი, რომელსაც ახლა ანგრევენ, ცხინვალში 1910 წელს, რუსეთის იმპერიის დროს ააგეს. იმ დროს ეს იყო ცხინვალში, მდინარე ლიახვზე ერთადერთი ფართო, ქვის, აგურისა და რკინისგან აგებული ხიდი, რომელზეც შედარებით მძიმე ტვირთების გადატანა იყო შესაძლებელი.

ამ დროს ცხინვალი გორის მაზრაში და, შესაბამისად, თბილისის გუბერნიაში შედიოდა.

მანამდე იმავე ადგილას იყო 1883 წელს აგებული ხის ხიდი.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, ცხინვალში, მდინარე ლიახვზე, შედარებით უფრო დიდი ხიდიც აიგო, თუმცა საბჭოთა პერიოდში 1910 წელს აგებული ხიდიც გამოიყენებოდა.

ხიდი ნაწილობრივ დაზიანდა 1990-იან წლებში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დროს, რის შემდეგაც მასზე მძიმე მანქანები აღარ გადაადგილდებოდნენ.

ოსური საინფორმაციო სააგენტო RES-ის თანახმად, თავიდან ხიდის დანგრევას მხარს არ უჭერდა დე ფაქტო კულტურის სამინისტრო, რომლის მიხედვითაც, ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, თუმცა საქმეში ჩაერია დე ფაქტო პროკურატურა, რომელმაც დაადგინა, რომ ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში „დარღვევებით“ იყო შეტანილი და ამ სიიდან ამოღების „რეკომენდაცია გასცა“.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხიდის მედეგობის კვლევის სამუშაოები რუსეთის მიერ დაფინანსებული სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რუსულმა საინჟინრო კომპანიამ ჩაატარა და დადგინდა, რომ კონსტრუქციაზე ფიქსირდებოდა დაახლოებით 70 -პროცენტიანი ცვეთა, რაც სტანდარტით აღემატებოდა დაშვებულ ნორმას.

მშენებლობის დე ფაქტო მინისტრის, ედუარდ ძაგოევის განცხადებით, საჭიროა ახალი ხიდის აშენება, იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის რეკონსტრუქცია გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ახლის აშენება.

Эхо Кавказа-მ 6 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალში გამართული საპროტესტო შეკრების შესახებ, სადაც მოქალაქეებმა ხიდის დანგრევის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციაზე შეკრებილთა ნაწილის განცხადებით, ხიდი ქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და უმჯობესი იქნებოდა მისი საფეხმავლო დანიშნულებით შენარჩუნება.

ხიდის დანგრევის გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ.

ნეტგაზეთმა წარსულში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებიდან პასუხები ვერ მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი