ახალი ამბები

2023 წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს – ხუციშვილი

17 ნოემბერი, 2022 • 2670
2023 წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს – ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა.

მისი თქმით, 2017 წლამდე საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი იყო კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90 პროცენტის ფარგლებში, თუმცა შემდგომ “მნიშვნელოვნად შეიზღუდა” ხელფასების ზრდა და შედეგად,  2021 წელს ამ მაჩვენებელმა 80%-ზე ნაკლები შეადგინა.

“მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ჩვენ საბაზო ხელფასის 10%-იანი ზრდა გავითვალისწინეთ, კერძო სექტორში ხელფასების ზრდა გაცილებით მაღალი იყო და მეორე კვარტლის მონაცემებით, თანაფარდობა საჯარო და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულის 75 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე ჩამოვიდა.

ყოველივე აღნიშნულიდან ნათელია, რომ სახელფასო პოლიტიკას სჭირდება საკანონმდებლო რეგულაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, რაც საბოლოოდ, სახელმწიფო სერვისების და ვალდებულებების შესრულებაზე ნეგატიურად აისახება…” — აღნიშნა მან.

ხუციშვილის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს, “გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, სადაც ხელფასების 20%-იანი ზრდა გვაქვს”.

მისივე სიტყვებით, ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია შრომის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილება, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლებში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დაკავშირებული იქნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდასთან.

“ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ საჯარო სექტორში საშუალო ხელფასმა არ უნდა გადააჭარბოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90 პროცენტს”, — აღნიშნავს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი