ახალი ამბები

“სლავა რასიი”-ო, მომაძახა; კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი – ელისაშვილი

18 ნოემბერი, 2022 • 2134
“სლავა რასიი”-ო, მომაძახა; კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი – ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა პარტიიდან “მოქალაქეები”, ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც მისი თანდასწრებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, გაიგონა ფრაზა “სლავა რასიი”(დიდება რუსეთს).

საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უსმენენ, დეპუტატმა თქვა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო, “საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ”.

“…განსაკუთრებით, შემოსულიყვნენ ყველაზე უღირსი ხალხი, ესენი არიან დეზერტირები. გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო”, — დასძენს ის და მიანიშნებს საქართველოში დიდი რაოდენობით შემოსულ რუსებზე რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შემდეგ.

“ჩამოვიდნენ, მაგრამ მე არ ვარ ხელისუფლებაში, თქვენ ხართ, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა”, — აღნიშნა ელისაშვილმა და თქვა, რომ მისი აზრით, “ყველა რუსი იმპერიალისტია”.

აღნიშნულის შემდეგ ელისაშვილმა მოყვა ინციდენტზე, რომელიც, მისი გადმოცემით, თბილისში მოხდა და რომლის დროსაც “ყურის ძირში მოხვდა” “სლავა რასიის” მთქმელ პირს.

“არ დავმალავ: ამასწინ უცხოელი სტუმრები მყავდა, ქუჩაში მოვდიოდი, დავიძახე “სლავა უკრაინი” და “სლავა რასიი”-ო, ერთმა მომაძახა და მოხვდა მერე ყურის ძირში.

დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონები არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი”, — დასძინა მან.

სიტყვით გამოსვლისას ელისაშვილი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, საქართველოდან გააძევოს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც კანონს არღვევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი