ახალი ამბები

„დეოლიგარქიზაციის სტრატეგია საქართველოსთვის უკრაინის და მოლდოვის იდენტური ვერ იქნება“ – SJC

17 ნოემბერი, 2022 • 1329
„დეოლიგარქიზაციის სტრატეგია საქართველოსთვის უკრაინის და მოლდოვის იდენტური ვერ იქნება“ – SJC

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აქვეყნებს მიმოხილვას დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების გზებთან დაკავშირებით.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მდომარეობა დღესდღეობით ერთმანეთისგან განსხვავებულია, შესაბამისად, კონტექსტუალური განსხვავებების გათვალისწინებით, ოლიგარქიისთვის მახასიათებელი საზიანო გავლენების შემცირების სტრატეგია სამივე ქვეყნისთვის მსგავსი ვერ იქნება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად და  აღნიშნავენ, რომ უპირველესად, უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონი, ისევე როგორც მისი ქართული ანალოგი, ცალსახად იმსახურებს მინიმუმ სამართლებრივ კრიტიკას:

„პოლიტიკურ მეცნიერებებში ოლიგარქიის თანამედროვე განმარტება არსობრივად გულისხმობს განუყოფელ კავშირს სიმდიდრესა და ძალაუფლებას შორის, სადაც საკუთარი სიმდიდრის დაცვა და ზრდა ოლიგარქის/ოლიგარქიის ძირეული მიზანია.

თუმცა ზემოხსენებულ კანონებში მოცემული ოლიგარქის დეფინიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ამგვარი განმარტებისგან. ამ ტერმინის ბუნდოვანება კი იმ შეზღუდვების არაგანჭვრეტადად და არასწორი მიზნებით გამოყენების შესაძლებლობებს ქმნის, რაც ოლიგარქად აღიარებული პირისთვის საკანონმდებლო მოწესრიგებით არის გათვალისწინებული და რაც შესაძლოა რიგ ძირითად უფლებებთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არანაკლებ ბუნდოვანია ოლიგარქად აღიარებულ პირთან კონტაქტის დეკლარირების ვალდებულება და მისი დარღვევის შემთხვევაში, თანმდევი დისციპლინური/პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზომები და შინაარსი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს „ანტიოლიგარქიული“ კანონმდებლობა პოლიტიკური (უკრაინის შემთხვევაში აღმასრულებელი, საქართველოს შემთხვევაში კი – საკანონმდებლო) ხელისუფლებისთვის იმგვარი ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებს, რაც ოლიგარქად აღიარებული პირისთვის მნიშვნელოვან უფლებრივ შეზღუდვებს ითვალისწინებს იმგვარად, რომ ამ გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა არ არსებობს.

ორგანიზაციის შეფასებით, იმ პირობებში კი, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ძლიერი და დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები, მსგავსი კანონის მიღება ქმნის საშიშროებას, რომ პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ასეთი ძალაუფლება შერჩევითად, პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით იქნას გამოყენებული.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, ერთი კონკრეტული კანონის მიღება სისტემურ ცვლილებებს ნაკლებად მოიტანს და ოლიგარქების გავლენების რეალური შემცირებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმ თანადროული, სისტემური და სიღრმისეული რეფორმების გატარებაა აუცილებელი:

„ოლიგარქიული გავლენების შემცირებისათვის გამოსავლის სახით, სისტემური, ინსტიტუციური, ეკონომიკური თუ სოციალური რეფორმების განხორციელების საჭიროებასა და მართებულობაზე საუბრობენ თავად უკრაინის ოპოზიციაში, მედიასა თუ არასამთავრობო სექტორში. იგივე მოსაზრებები გვხვდება აკადემიურ ლიტერატურაშიც, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოლიგარქიის ფენომენს იკვლევს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აღნიშნავენ, რომ ოლიგარქიული გავლენების შემცირებისათვის სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობასა და მართებულობაზე მიუთითებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოშიც.

თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოლდოვის მაგალითზე საგულისხმოა, რომ როდესაც საუბარია ოლიგარქიული მმართველობის მხრიდან ძალაუფლების მასშტაბურ კონსოლიდაციასა და სახელმწიფოს „მიტაცებაზე“, სადაც ოლიგარქი/ოლიგარქები მოქმედებენ, როგორც „მტაცებელი სუვერენები“, ქმნიან პატრონაჟის ქსელებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას და იყენებენ/ახალისებენ ძალადობას, სისტემურ რეფორმებთან შესაძლოა აუცილებელი იყოს კოლექტიური ქმედებებიც:

„კერძოდ, სახელმწიფოს ავტონომიურობის და ინსტიტუტების გაჯანსაღებისკენ მიმართული რეფორმები აუცილებელია მხარდაჭერილი იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ პოლიტიკური ელიტების მხრიდან, რომლებიც იდეოლოგიურად მზად არიან, მხარი დაუჭირონ კარგი მმართველობის მშენებლობას ქვეყანაში.

სახელმწიფო ინსტიტუტების გარდაქმნასთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არასისტემური, დროში გაწელილი და ფრაგმენტული რეფორმები, ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლის თვალსაზრისით, დიდი შედეგების მომტანი არ არის. ამასთან, ამგვარი რეფორმებით საუარესო შედეგების დადგომაც არ გამოირიცხება, თუკი პოლიტიკური, ეკონომიკური და მართლმსაჯულების სისტემური, კოორდინირებული ცვლილება არ განხორციელდა“ ,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

შესაბამისად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის თანადროული ზრდაზე ფართობასშტაბინი და ინკლუზიური შეთანხმება და მათი ამგვარად განხორციელება.

ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, მნიშვნელოვანია, ინსტიტუტებს შორის არსებობდეს ეფექტური შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემები და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტური სასამართლო კონტროლი, რამაც საბოლოო ჯამში, იმგვარი დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ოლიგარქის არაფორმალური ინსტიტუტის ზეწოლის მიმართ გაცილებით მდგრადი იქნება.

რაც შეეხება რეფორმების ჩამონათვალს, ორგანიზაციის თქმით, აქ ძირითადად მიუთითებენ შემდეგ საკითხებს:

  • პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობის დახვეწა, რაც ხელს შეუწყობს პარტიების შიდა დემოკრატიზაციასა და მათი ფინანსური აქტივობების გამჭვირვალობის ეფექტურ კონტროლს;
  • სახელმწიფოს ფინანსური მენეჯმენტის გამჭვირვალობისა და კანონიერების გაუმჯობესება; სასამართლოს (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს) რეფორმა და მოსამართლეთა შერჩევა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით;
  • საჯარო სამსახურში წამყვან თანამდებობებზე დანიშვნის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და პროფესიონალი კადრების დანიშვნას; ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკა;
  • მედიის მონოპოლიზაციის აკრძალვა და მესაკუთრეთა მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ხელშეშლა;
  • ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწა, ანტიმონოპოლიური ორგანოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება;
  • საგადასახადო სისტემის დახვეწა;
  • კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნა და სხვა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აღნიშნავენ, რომ ამასთან, მნიშვნელოვანია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასევე, ასოცირების შეთანხმება, რომლითაც სამივე ქვეყანა ევროკავშირთან არის დაკავშირებული, ამ რეფორმების შესრულებას, ფაქტობრივად, ისედაც ითვალისწინებს:

„შესაბამისად, „ასოცირებული ტრიოსთვის“ „ანტიოლიგარქიული“ კანონის მიღების ნაცვლად, გაცილებით გონივრულია სწორედ სისტემურ და სიღრმისეულ რეფორმებზე სწორება, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ოლიგარქების ჩვეულებრივ ეკონომიკურ მოთამაშეებად ტრანსფორმაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს „დეოლიგარქიზაციას“, – ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

კვლევას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი