ახალი ამბები

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ვიზიტზე: არ მგონია, რომ უხერხულია, საეკლესიო შეხვედრაა

17 ნოემბერი, 2022 • 1668
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ვიზიტზე: არ მგონია, რომ უხერხულია, საეკლესიო შეხვედრაა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში იმყოფება. აღნიშნულ  ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში მეათე სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. კონფერენციის სახელია „რუსეთი.საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“.

კონფერენცია 16-17 ნოემბერს ანდრეი რუბლიოვის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით,  მიტროპოლიტი ნიკოლოზი 15 ნოემბერს შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტ ანტონს.

„თბილი, მეგობრული საუბრისას განიხილეს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები“, – ნათქვამია მოსკოვის საპატრიარქოს განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქო არაერთგზის იქცა კრიტიკის ობიექტად.  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ “ცოდვებისგან განიწმინდება ის, ვინც სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება”. მან ასევე თქვა, რომ “რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს” და ა.შ. რუსეთის აგრესიის გამართლების გამო რუსეთის ეკლესიის ლიდერებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინელი მღვდლებიც კი დაუპირისპირდნენ.

მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურა თავად ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მიტრპოლოტის თქმით, კონფერენციაზე  ოფიციალურად მიიწვიეს, თუმცა მისი ვიზიტი საპატრიარქოს სახელით არაა.

„დღეს არის დავით არსენიშვილის გარდაცვალების დღე, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ აღინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ: დავით არსენიშვილმა თბილისში დააარსა მთაწმინდის პანთეონი, ლიტერატურის მუზეუმი, თეატრისა და კინოს მუზეუმი, რომლის ეზოშიც მისი ძეგლი დგას, დანგრევას გადაარჩინა ანჩიხატის ტაძარი და ამის შემდეგ, 50-იან წლებში მოსკოვში დააარსა წმ. ანდრეი რუბლიოვის მუზეუმი და დანგრევას გადაარჩინა მისი ტაძარი. ყველაფერთან ერთად იგი არის ჩემი ბაბუა. დღეს მონაწილეობა მივიღე მის პანაშვიდსა და მისდამი მიძღვნილ კონფერენციაში“, – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლიზი.

რაც შეეხება კითხვას, რომ ქართველი მიტროპოლიტის ვიზიტი ხორციელდება უკრიანაში მიმდინარე რუსეთის ომის ფონზე, მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, „არ ჰგონია, რომ ეს უხერხულობას“ ქმნიდეს.

„იმიტომ, რომ ეს საეკლესიო შეხვედრაა და არა საერო. ცხადია, ჩემი ნებისმიერი შეხვედრა საერო ხელისუფლებასთან სრულიად გამორიცხულია. ეკლესიების ურთიერთობის მთავარი მიზანი სწორედ მშვიდობის დამყარების გზების ძიებაა ჩვენი ძალების შესაბამისად“, – მისწერა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი