ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქი ევროკავშირში არ შეუშვეს

17 ნოემბერი, 2022 • 1278
რუსეთის პატრიარქი ევროკავშირში არ შეუშვეს

რუსეთის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ ევროკავშირში შესვლაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს:

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არ შეეშვათ პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ასეთი რამე ცივი ომის დროსაც კი არ მომხდარა“ ,- განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ხელმძღვანელმა.

გამოცემა წერს, რომ ვინ დაბლოკა კირილის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა, რუსეთის საპატრიარქოში არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა „ეხო კავკაზა“ იხსენებს, რომ აგვისტოში გერმანიის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პატრიარქი და უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერადაც დაასახელა.

კირილის წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციები ოფიციალურად არ დაუწესებია. მეტიც, გამოცემა აღნიშნავს, რომ ცნობილია, უნგრეთის მოთხოვნის საფუძველზე კირილის სახელი სანქცირებულთა სიის სამუშაო ვერსიიდანაც ამოიღეს. ქვეყნები კი, რომლებმაც რუსეთის პატრიარქი სანქცირებულთა სიაში მაინც შეიყვანეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, დიდი ბრიტანეთი და კანადაა.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, 23 ივნისს კირილი ლიეტუვაში არ შეუშვეს. მაშინ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთის საპატრიარქო უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო, კირილი კი, პუტინთან დაახლოებული პირი. გამოცემა აღნიშნავს, რომ საკუთარ ქადაგებებში კირილი ხშირად ამბობდა, რომ „რუსეთი თავს არავის დასხმია“ და ადანაშაულებდა დასავლეთსა და „ანტისაეკლესიო“ ძალებს კონფლიქტის გაღვივებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი