ახალი ამბები

თუ უცხოელი ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, შესაძლოა, საქართველოში აღარ შემოუშვან

16 ნოემბერი, 2022 •
თუ უცხოელი ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, შესაძლოა, საქართველოში აღარ შემოუშვან

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილით დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და ქვეყნიდან ისე გავა, რომ არ გადაიხდის ჯარიმას, შესაძლოა, საქართველოში ხელმეორედ შემოსვლა შეეზღუდოს.

ამის შესახებ დღეს, 16 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირება ვერ უზრუნველყოფს ვიდეოჯარიმების ეფექტურად აღსრულებას იმ შემთხვევაში, როცა უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი არღვევს მოძრაობის წესებს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონში შესატანი ცვლილებებს სთავაზობს საკანონმდებლო ორგანოს.

დარახველიძის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილით კანონდარღვევისას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ფოსტით ეგზავნება ორჯერ, რაც შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, “ტყუილი ძალისხმევაა” და საბოლოოდ ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები იწურება.

“ჩვენ ამ კომპონენტს ვიღებთ. მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და ამას ასახავს ვიდეოჯარიმა, ჩვენ პირდაპირ გამოვაქვეყნებთ ამ ჯარიმებს ოფიციალურ ვებგვერდზე და პირს მიეცემა 30 დღის ვადა აღნიშნული ჯარიმის გადასახდელად. აქ საუბარი არ არის საპატრულო პოლიციის მხრიდან პირის შეჩერებასა და დაჯარიმებაზე, აქ საუბარია ვიდეოჯარიმებზე.

თუკი ამ ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მოხდება შესაბამისი საურავისა და სხვა სანქციების გამოყენება და საბოლოო ჯამში, თუ პირი არ გადაიხდის ამ ჯარიმას, მას საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ ექნება, სანამ ჯარიმას არ გადაიხდის საქართველოს წინაშე”, – განმარტა დარახველიძემ.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯარიმის ვადების ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომელი დაჯარიმების ადგილზევე ჩააბარებს წესების დამრღვევ პირს შესაბამის დოკუმენტს. დარახველიძის თქმით, ვიდეოჯარიმების მსგავსად, აღსრულების მექანიზმი ასეთი პირებისთვის საქართველოში შემოსვლის უფლების ჩამორთმევა იქნება მანამ, სანამ არ გადაიხდიან შესაბამის თანხას.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტით სთავაზობს პარლამენტს, რომ კანონის მიღებისთანავე შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდეს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კანონდარღვევის შესახებ ცნობები, რომელთა მიმართაც ჯარიმები კანონის მიღებამდე გამოწერეს.

ამავე თემაზე:

თუ მოუნდებათ, ჯარიმას არ გადაიხდიან — როგორ აკონტროლებენ უცხოურ ავტომობილებს გზებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი