ახალი ამბები

ხარვეზები სასამართლო სისტემაში

18 მაისი, 2010 • 1186
ხარვეზები სასამართლო სისტემაში

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სასამართლო სისტემის ანალიზის შედეგები წარადგინა. ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ხიდაშელის თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში ბევრი ხარვეზია, რომელიც მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხზე ახდენს გავლენას.

ანგარიშში სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზად  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და, აგრეთვე,  საბჭოს პოლიტიზირებულობაა განხილული.

2007 წელს „ საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილების შემდეგ, მოსამართლის არჩევის დროს,  აუცილებელი გახდა, დამსწრე წევრების უმრავლესობის თანხმობასთან ერთად, ხელისუფლების სამივე რგოლის თანხმობა. ეს კი, საიას აზრით, საშულებას აძლევს პრეზიდენტსა და პარლამენტს, მოსამართლის კანდიდატურა პოლიტიკური ნიშნით დაბლოკონ.

დოკუმენტში წერია, რომ საბჭოს  ამჟამინდელი წევრები ე.წ. „ელიტარული“ მოსამართლეები არიან, რომლებიც თითქმის არ ასრულებენ მოსამართლის ფუნქციას  და, ძირითადად, ადმინისტრაციული საქმიანობით არიან დაკავებულნი. საიას აზრით, ეს არ არის საბჭოს დაკომპლექტების საუკეთესო წესი.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტის წევრების, მოსამართლეებისა და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრებისგან შედგება. ამ უკანასკნელთა გაწვევა კი პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია, რაც ხიდაშელის აზრით, პრობლემას წარმოადგენს.

თამარ ხიდაშელს, ასევე, პრობლემატურად მიაჩნია მოსამართლეების სხვა სასამართლოებში მივლინების წესი, რადგან ეს პროცესი მოსამართლეების თანხმობის გარეშე ხორციელდება. ასოციაციამ ათეულობით ამგვარი შემთხვევა აღმოაჩინა. ხიდაშელის თქმით, ეს ფაქტი  მოსამართლეებისთვის სამსახურიდან წასვლის ტოლფასია და ამის შემთხვევებიც არსებობს.

„ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ საბჭოს დაკომპლექტება  არ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით. პარლამენტს შეიძლება ჰქონდეს უფლება, დანიშნოს წევრები, მაგრამ არ არის საჭირო, რომ ისინი  აუცილებლად პარლამენტიდან  იყვნენ. იგივე შეიძლება ითქვას პრეზიდენტზეც. აგრეთვე, უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების წესი მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს აუცილებელი ყველა შტოს თანხმობა.“

დღევანდელ კონფერენციაზე სახალხო დამცველმა წარმოადგინა 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის ნაწილი სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ. სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, თამარ ზუბაშვილის თქმით,  ერთ-ერთ მთავარ ხარვეზს სასამართლო სისტემაში  შუალედური თუ საბოლოო გადაწყვეტილებების, აგრეთვე, დაპატიმრების და ვადის გაგრძელების დაუსაბუთებლობა წარმოადგენს.

„სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება მსგავსი სახის აქტივობებს და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით“,-აცხადებს თამარ ზუბაშვილი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი