ახალი ამბები

კიევში და უკრაინის რამდენიმე რეგიონში სარაკეტო თავდახმებია – უკრაინული მედია

15 ნოემბერი, 2022 • 1368
კიევში და უკრაინის რამდენიმე რეგიონში სარაკეტო თავდახმებია – უკრაინული მედია

უკრაინის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში დღეს, 15 ნოემბერს აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის თავზე ჩამოაგდეს 4 რაკეტა. ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ 15:25 საათისთვის [კიევის დროით] თქვა, რომ რაკეტები სავარაუდოდ ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, მოგვიანებით კი განაცხადა რომ ამის გარდა, რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსაც.

UNIAN-ის ცნობით, 14:45 საათისთვის საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმის გარდა. კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე ვილკულიმ მოსახლეობას თავშესაფრებში წასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რაკეტების მასობრივი გაშვება ვოლგოგრად-ასტრახანის რაიონიდან მოხდა.

ამასთან, რაკეტები დააფიქსირეს ნიკოლაევის რეგიონშიც. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა განაცხადა. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა თქვა, რომ დიდია რეგიონში სარაკეტო თავდასხმის ალბათობა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმები განხორციელდა ხარკოვისა და ლვოვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. ლვოვის მერის ანდრეი სადოვის განცხადებით, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ელექტროენერგიის მიწოდების პროვლემა შეიქმნა ხარკოვშიც. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, გაჩერებულია ელექტროტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. მისი განცხადებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი