ახალი ამბები

რუსეთში მსჯავრდებული ზამბიელი სტუნდეტი ომში დაიღუპა – ზამბია მოსკოვს განმარტებას სთხოვს

15 ნოემბერი, 2022 • 2109
რუსეთში მსჯავრდებული ზამბიელი სტუნდეტი ომში დაიღუპა – ზამბია მოსკოვს განმარტებას სთხოვს

ზამბია რუსეთის ფედერაციას სთხოვს, განმარტოს, როგორ და რატომ აღმოჩნდა რუსეთში დაპატიმრებული ზამბიის მოქალაქე, 21 წლის სტუდენტი უკრაინის ომში – სადაც იგი დაიღუპა.

ზამბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტენლი კაკუბომ 14 ნოემბერს გაავრცელა საჯარო განცხადება ამ საკითხზე.

მინისტრ კაკუბოს ცნობით, ზამბიელი სტუდენტი, სახელად ლემეხანი ნათა ნირენდა, მოსკოვის გარეუბანში მდებარე ციხეში იხდიდა სასჯელს 2020 წლის ჩადენილი დანაშაულის გამო (დანაშაულის სახე მას არ დაუზუსტებია).

ნირენდა რუსეთში სწავლობდა ზამბიის სამთავრობო დაფინანსებით, როცა ციხეში მოხვდა.

კაკუბოს თქმითვე, 9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ ზამბიის მთავრობას აცნობა სტუდენტის გარდაცვალების შესახებ „რუსეთისა და უკრაინის ბრძოლის ველზე“. დაღუპვის თარიღი, სავარაუდოდ, 22 სექტემბერია.

„ის ციხეში იხდიდა სასჯელს, თუმცა ჯარში გაიწვიეს და უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნეს, მაგრამ არ ვიცით, ვინ გაიწვია “, – განაცხადა დაღუპული სტუდენტის მამამ, ედვინ ნირენდამ.

ზამბიის მოქალაქის ცხედარი ამჟამად ქალაქ დონის როსტოვშია გადასვენებული.

ზამბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი მთავრობა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს, დაუყოვნებლივ გაუზიარიოს ინფორმაცია მოქალაქის გარდაცვალების გარემოებების შესახებ.

აგვისტოში CNN-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია პატიმრებს იყენებდა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობისთვის – მათ ომში გზავნიდა გათავისუფლების სანაცვლოდ. მედიის თანახმად, ასობით მსჯავრდებული წავიდა უკრაინის ომში.

მსგავსი გამოძიება გამოცემა The Insider-მაც გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, რუსეთი პატიმრებს ათავისუფლებდა „ვაგნერის“ დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად და უკრაინაში საბრძოლველად.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი