ახალი ამბები

მდინარაძე ოპოზიციას ომბუდსმენობის კანდიდატზე შესათანხმებლად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს

14 ნოემბერი, 2022 • 884
მდინარაძე ოპოზიციას ომბუდსმენობის კანდიდატზე შესათანხმებლად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტში ხვალ დაიწყება. ის ოპოზიციონერ დეპუტატებს კონსულტაციებში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, 14 ნოემბერს ბრიფინგზე ისაუბრა.

“არცერთი ჩვენი ოპონენტი არ შემოგვხმიანებია და კონსულტაციების სურვილი არ გამოუთქვამს. ამდენი ხანი ველოდებოდით. ამიტომ ხვალ მე პირადად ავიღებ ამის ინიციატივას, რომ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებს, ჩვენი ოპონენტი პარტიის მხრიდან ფრაქციის თავმჯდომარეს, ვთხოვ, რომ დავიწყოთ კონსულტაციები, რომ თუ ვინმეს თეორიული შანსი აქვს, ჩვენ შევთანხმდეთ მის კანდიდატურაზე…

თუკი ვინმეს თეორიული შანსი აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, 1%-ც კი დავუშვათ, თუ ძალით არ ქნა ვიღაცამ, რომ ჩავარდეს რომელიმე პუნქტი ამის გამო. თუკი თეორიულად შესაძლებელია შეთანხმება რომელიმე კანდიდატზე, ჩვენ შევეცდებით, რომ ეს შანსი პრაქტიკულად ვაქციოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” არცერთ კანდიდატს არ უცხადებს მხარდაჭერას საჯაროდ, ასევე ამაზე არ საუბრობენ უმრავლესობის სხდომებზეც:

“იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია, განსაკუთრებით რადიკალური ფრთის ბუნებიდან გამომდინარე, ვიღაც მართლაც მოსაწონი იყოს და მას მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირონ მხარი, რომ ეს შეიძლება უმრავლესობას არ მოეწონოს. ამიტომ, საერთოდ არცერთი კანდიდატის მიმართ უმრავლესობის სხდომაზეც კი არ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას. მათი მხრიდან იქნებ წამოვიდეს რაიმე ინიციატივა ისეთი, რომელიც თეორიულად მაინც მისაღები იქნება”, – განმარტა მდინარაძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტი მხოლოდ ფორმალურ მხარეზე იმსჯელებს და ამის მიხედვით დაუჭერს მხარს იმ კანდიდატს, ვინც ფორმალურ ნაწილს დააკმაყოფილებს და “შინაარსში არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ შევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი