ახალი ამბები

ნაყოფია ენმ-ის არჩევნებში მელიას დაუჭერს მხარს

14 ნოემბერი, 2022 • 952
ნაყოფია ენმ-ის არჩევნებში მელიას დაუჭერს მხარს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან დღეს, 14 ნოემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა.

ნაყოფიას თქმით, ნიკა მელიას საკუთარი თავი არ ამოუწურავს პარტიის თავმდჯომარის პოსტზე .

ამასთან, კობა ნაყოფია აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ერევა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში.

„მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. [პარტიაში რაც ხდება] რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ესაა. ჩვენი ენერგია და ძალა სხვა საკითხებზე უნდა იყოს მიმართული – ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა „ნაციონალური მოძრაობა“[…]

ვიხილეთ ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის შესახებაც არც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, არაფერი არ ვიცოდი[…] სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე და მოდით, დაველოდოთ მოვლენებს. მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა ცოტა იჩქარეს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კითხვაზე, ამოწურა თუ არა ნიკა მელიამ საკუთარი თავი, ნაყოფია პასუხობს:

„არ მიმაჩნია, რომ მან ამოწურა საკუთარი თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე“, – აცხადებს ნაყოფია.

კიდევ ერთ კითხვაზე, შემოხაზავს თუ არა მელიას ენმ-ის  არჩევნებში, ნაყოფია ამბობს”

„ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ“, – აცხადებს ნაყოფია.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. გამორიცხული არ არის, კენჭი ხაბეიშვილმაც იყაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი