ახალი ამბები

დრონების მასობრივ წარმოებას მომდევნო წლიდან დავიწყებთ – ბურჭულაძე

14 ნოემბერი, 2022 • 681
დრონების მასობრივ წარმოებას მომდევნო წლიდან დავიწყებთ – ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ვერსიას მოამზადებს, რომლის მასობრივი წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესში“ ისაუბრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„უკვე მოვახდენთ საავანსო ანგარიშსწორებას და დავიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას, რაც შეეხება მასობრივ წარმოებას, მომავალი წლიდან დაიწყება“, – აღნიშნა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, „დელტა-ვებე“ დააფუძნეს ტექნოლოგიის სპეციალისტებმა, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებზე არიან ორიენტირებულნი. მისი განცხადებით, ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო გეგმის მიხედვით ვითარდება.

უპილოტო საფრენი აპარატების ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალსა და პოლონურ კომპანიას – „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი