ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა ატოცთან უკანონო ინსტალაცია აღმართა

11 ნოემბერი, 2022 • 904
სუს-ის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა ატოცთან უკანონო ინსტალაცია აღმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.

უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განცხადების გავრცელებას უკანონო „ბორდერიზაციის“ შესახებ წინ უძღოდა მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცში, სავარაუდოდ, ახალ საგუშაგოს აგებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი