ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საწარმო უახლოეს მომავალში შეძლებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას.
ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შეიქმნა შპს „დელტა ინტერნეიშენალსა“ და პოლონურ კომპანიას – „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნას. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
შენიშვნა: ფოტოზე გამოსახულია საქართველოს შეიარაღებაში მყოფი ესპანური წარმოების სადაზვერვო დრონები და არა ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ შექმნილი საფრენი აპარატები.