ახალი ამბები

„იქნებ ხაბეიშვილმა თქვას, ხომ არ ვცადო ბედიო“ – ხაბეიშვილი თავმდჯომარეობაზე

11 ნოემბერი, 2022 • 736
„იქნებ ხაბეიშვილმა თქვას, ხომ არ ვცადო ბედიო“ – ხაბეიშვილი თავმდჯომარეობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობაზე კენჭი იყაროს.

10 ნოემბერს „მთავარ არხზე“ ტელეწამყვანმა თეა ადეიშვილმა ჩამოთვალა ენმ-ის ლიდერები, რომლებმაც უარი თქვეს თავმჯდომარეობაზე კენჭი იყარონ და ხაბეიშვილს ჰკითხა, ვინ შეიძლება ნიკა მელიას გაუწიოს კონკურენცია, რაზეც დეპუტატმა უპასუხა:

„ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, თქვით ჩემი სახელი, პეტრე ცისკარიშვილი. ესე იგი, ყოფილან ხომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერები, რომლებსაც ეს შეუძლიათ [თავმჯდომარეობის კანდიდატობა]“?

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღებს შიდა არჩევნებში მონაწილეობას, ხაბეიშვილმა განაცხადა:

„უკვე ჩათვალეთ, რომ ახლა საარჩევნო კამპანია[ში] იყოს ის კანდიდატი, რომელიც ფიქრობს კანდიდატობაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, არჩევის წესს, ფორმას.

იქნებ, პეტრემ გადაიფიქროს? იქნებ კონსულტაციების შემდეგ ხაბეიშვილმა თქვას, რომ მე ხომ არ ვცადო ბედიო? იქნებ ხატიამ გადაიფიქროს? ახლა, მეორე დღესვე [ხომ ვერ ვიტყვით ამას], როცა წესი არ ვიცით, თარიღი არ ვიცით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მანამდე, 10 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას ხაბეიშვილმა განაცხადა:

„მეგობრებო, არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს. მეტიც. მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ენმ-სთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები, – და მე ვარ განახლების და ცვლილებების მომხრე,- [მიიღოს პროცესში მონაწილეობა“.

„არანაირი პარტიის თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მაქვს კონკრეტული პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით“, – თქვა მან.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს – ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილი ერთ მხარეს აფინანსებს გარკვეულ სუბიექტებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მეორე მხარეს კი — გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, ასევე, მედიას და არასამთავრობო სექტორსაც კი.

ნიკა მელიას გარდა თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა ჯერ სხვას არავის დაუყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი