ახალი ამბები

ADB: საქართველოს $100 მლნ-იანი სესხი დავუმტკიცეთ

10 ნოემბერი, 2022 • 536
ADB: საქართველოს $100 მლნ-იანი სესხი დავუმტკიცეთ

აზიის განვითარების ბანკი (ADB) იუწყება, რომ საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.

ბანკის პრესრელიზის თანახმად, ეს არის „ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის“ მეორე ქვეპროგრამა, რომელიც 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდება (პირველი ქვეპროგრამა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად).

„საქართველო წარმატებულად გაუმკლავდა კოვიდ-19-ის გამოწვევებს, რამაც მყისიერი ეკონომიკური აღმავლობის საშუალება მისცა ქვეყანას, თუმცა,შესაძლოა, გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ეკონომიკური პროგნოზები გაართულოს“, – განაცხადა ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

„აღნიშნული ქვეპროგრამით აზიის განვითარების ბანკი ხელს უწყობს საქართველოს, დაწყებული რეფორმების პროცესი დაასრულოს, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, მართოს ფინანსური რისკები, განავითაროს კაპიტალის ბაზრები და  სოციალური დაცვის პროგრამები“, – განაცხადა მან.

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, მეორე ქვეპროგრამა რამდენიმე მიზანს ემსახურება:

  • ხელს შეუწყობს ქვეყნის ინსტიტუციონალური პოტენციალის განვითარებას, ბუნებრივი საფრთხეებითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფისკალური რისკებისადმი მედეგობის ამაღლების მიზნით;
  • დაეხმარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კორპორატიული მართვის შემდგომ განვითარებას;
  • გააძლიერებს ქვეყნის მაკროეკონომიკური შოკებისადმი მედეგობას საგარეო ვალთან ასოცირებული მაღალი სავალუტო და რეფინანსირების რისკებთან მიმართებით;
  • დაეხმარება საპენსიო სქემაში მონაწილეთა შენატანების წახალისებას და ნებაყოფლობითი შენატანების სისტემის დანერგვას.

„საპენსიო სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხანდაზმული მოსახლეობის კეთილდღეობის ფისკალურად მდგრადი გზით უზრუნველსაყოფად“, – პრესრელიზის თანახმადვე, ასე განაცხადა ADB-ის საჯარო ფინანსების სპეციალისტმა როჯერიო დე ალმეიდა ვიეირა დე სამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი