ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია ბელარუსისგან შესაძლო აღიარების მოლოდინზე მიანიშნებს

10 ნოემბერი, 2022 • 1232
ბჟანია ბელარუსისგან შესაძლო აღიარების მოლოდინზე მიანიშნებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიანიშნებს, რომ სოხუმს ბელარუსთან ურთიერთობების გაღრმავებისა და აღიარების მოლოდინი აქვს.

რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის, „სპუტნიკის“ თანახმად, ბჟანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „თუკი ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა ამა თუ იმ ქვეყანასთან 50 მლნ დოლარს გადააჭარბებს, იქ მისი საელჩო იხსნება“.

„ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რაიონში, რაც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. ვფიქრობ, იმ დროისთვის [როცა პროექტი განხორციელდება] ჩვენ გადავალთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებზე”, – ხაზგასმით აღნიშნა ბჟანიამ.

ბჟანიას განცხადებითვე, პრეზიდენტი ლუკაშენკო მზადაა, სოხუმს მრავალ ასპექტში დაეხმაროს, რათა ის განვითარდეს.


უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენჯერმე თქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების მიზეზი საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოსალოდნელი სანქციები იყო, ხოლო რუსეთი არ იყო მზად ბელარუსისთვის ამით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის წარმოების, ამაში ბელარუსის დახმარებისა და დასავლეთის საპასუხო სანქციების ფონზე, ლუკაშენკო სოხუმში ჩავიდა.

აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩასული ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

[ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ].

მოგვიანებით, 2 ნოემბერს, ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია აფხაზეთს პირველად ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა.

[ბჟანიამ აგვისტოში განაცხადა, რომ სოხუმი მზად არის, „რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს“].

ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი