ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია აფხაზეთს ეწვია

2 ნოემბერი, 2022 • 1265
ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია აფხაზეთს ეწვია

ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია აფხაზეთს პირველად ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა.

“ჩვენს ურთიერთობებს 2023 წელს 15 წელი უსრულდება. 2008 წლის ოქტომბერში მოსკოვში, სესიის სხდომაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების მიმართვის საპასუხოდ მიღებული იყო გადაწყვეტილება, გაერთიანების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის პარლამენტებისთვის გაცემულიყო  მუდმივი დამკვრვებლების სტატუსი. ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიქნებით საპარლამენტო კრების ხელმძღვანელობისა და დეპუტატების მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატების სახელით მინდა დავადასტურო, რომ მზად ვართ, ჩვენი ქვეყნების ინტერესებისთვის მოხდეს ურთიერთოებების აქტივიზაცია ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო კრებასთან “, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ.

აფხაზეთში 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც ჩავიდა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას.

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება. თავად ლუკაშენკომ რამდენჯერმე ახსნა, რატომ არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მიზეზად დაასახელა საერთაშორისო საზოგადოებისგან მოსალოდნელი სანქციები და ის, რომ რუსეთი არ იყო მზად ამის შედეგად ბელარუსისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი