ახალი ამბები

ნადირაძის თქმით, ენმ-ში შიდა არჩევნებს 10 დეპუტატიც ითხოვს

10 ნოემბერი, 2022 • 1057
ნადირაძის თქმით, ენმ-ში შიდა არჩევნებს 10 დეპუტატიც ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობისა“ და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს, 10 ნოემბერს,  მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მორიგი ბრიფინგი გამართა.

როგორც ნადირაძემ განაცხადა, მისი და ენმ-ის წევრების მოთხოვნას, რომ პარტიაში შიდა არჩევნები ჩატარდეს,  შეუერთდა პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 დეპუტატი,  ენმ-ის 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოებიდან 277 დეპუტატი.

„ყველა ეს ადამიანი ჩვენს ასობით ათასს მხარდამჭერთან ერთად ველოდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს არჩევნების თარიღი, რომ გადავწყვიტოთ, რა წესით ჩატარდება ეს არჩევნები. მხარდამჭერების ეს რიცხვი მხოლოდ ერთი დღის მონაცემებია და რაოდენობა იზრდება საათობრივად“, – განაცხადა ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის ბრიფინგის შემდეგ ნეტგაზეთი დაუკავშირდა ენმ-ის წევრ ბონდო თედორაძეს, რომელიც ნადირაძესთან ერთად პარტიის შიდა არჩევნების მალე დანიშვნას ითხოვს.

როგორც თედორაძემ ნეტგაზეთს უთხრა, იმ დეპუტატებს შორის, რომელიც მათ მოთხოვნას უერთდებიან, არიან:

  • გიორგი ბოტკოველი
  • დავით კირკიტაძე
  • თემურ ჯანაშია
  • დევი ჭანკოტაძე
  • ლევან ხაბეიშვილი
  • სულხან სიბაშვილი
  • დავით გოდაბრელიძე
  • ლევან ბეჟაშვილი
  • დავით ხაჯიშვილი

გუშინ, 9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილი ერთ მხარეს აფინანსებს გარკვეულ სუბიექტებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მეორე მხარეს კი — გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, ასევე, მედიას და არასამთავრობო სექტორსაც კი.

თავად პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს არც ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი