ახალი ამბები

რატომ მოუწია პოლონეთის დელეგაციას ქუთაისში ტერიტორიის დაასუფთავება

9 ნოემბერი, 2022 • 989
რატომ მოუწია პოლონეთის დელეგაციას ქუთაისში ტერიტორიის დაასუფთავება

ქუთაისის მერიის განმარტებით, პოლონეთის დელეგაციამ ქუთაისში კერძო ტერიტორია მოინახულა, ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის წინასწარ შეთანხმებული, პროტოკოლით განსაზღვრული ადგილის ნაცვლად.

ასე ეხმაურება ქუთაისის მერია 7 ნოემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში ჩასულ პოლონეთის დელეგაციის წევრებს, რომელთა შორის იყვნენ სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა და პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, სადაც სანთლები უნდა დაენთოთ, დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს.

„ადგილი, რომელიც პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს, არ შეესაბამება იმ ლოკაციას, სადაც მდებარეობდა ე.წ. შინსახკომის ბანაკი და რომელიც წინასწარ იყო მითითებული საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ შემუშავებული ვიზიტის პროგრამაში. ბანაკი, სადაც პოლონელი ტყვეები 1945-1947 წწ. პატიმრებთან ერთად იყვნენ განთავსებულნი, რამდენიმე სხვადასხვა შენობაში მდებარეობდა, მათ შორის ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ. ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია სხვადასხვა დროს არაერთ საერთაშორისო სტუმარს მოუნახულებია, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკიდან იგივე სტუმრები — ელჩიც და ვიცე-სპიკერიც — არაერთხელ ყოფილან. ჩვენთვის უცნობია, თუ რატომ შევიდა დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში ცვლილება და წინასწარ განსაზღვრული ტერიტორიის ნაცვლად დელეგაციის მიყვანა მოხდა კერძო ტერიტორიაზე. მით უმეტეს, რომ ვიზიტის მომზადების დროს პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი სტუმრების მისვლას გეგმავდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ტრადიციულად, პროტოკოლით არის განსაზღვრული ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორის მონახულება“, — ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილია, რომ ადგილი, სადაც ცერემონიის მონაწილეებმა სანთლები აანთეს, სავარაუდოდ, არ არის НКВД-ს ბანაკის ადგილი და გამომდინარე იქიდან, რომ თავად ბანაკი და დაღუპულთა საფლავები დაარბიეს, ამჟამად ძნელია ზუსტად მიუთითო, თუ სად არიან მსხვერპლები დაკრძალულნი.

„ჩვენ გვინდოდა ბანაკის პოლონელ მსხვერპლთათვის მხოლოდ სიმბოლური პატივის მიგება დამსწრეებისთვის ხელმისაწვდომ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხილულ ადგილას. ვიცოდით ამ ადგილის მდგომარეობა. ამ მდგომარეობის ცოტა გასაუმჯობესებლად იქ დაყრილი ნაგავი მოვაგროვეთ. არ გვინდოდა, სანთლები პლასტმასის ბოთლების გვერდით დაგვენთო. სულ ეს არის. მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი მედიის რეაქცია ამ მოვლენაზე გაზვიადებული და საზიანოა ქალაქ ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ხელისუფლების კარგი სახელისთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა 2022 წლის 6 ნოემბერის ღონისძიებები მოგვეწყო“, — განაცხადეს პოლონეთის საელჩოში.

6 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ციკლი. ნკვდ-ს საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიის მონახულება ამ პროგრამის ნაწილი იყო. პროგრამის ფარგლებში პროფესორ კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი გაიხსნა და ქუთაისის ბანაკ 0331-ში დატყვევებული პოლონელებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის ინაუგურაცია შედგა. პოლონელები საბჭოთა ნკვდ-მ ქუთაისში 1945 წლის მარტში ჩაასახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი