ახალი ამბები

გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, საქართველო 2023-ში EU-ს კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს – IRI

7 ნოემბერი, 2022 • 909
გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, საქართველო 2023-ში EU-ს კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველო 2023 წელს ვერ გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

კვლევის დროს მოქალაქეებს ჰკითხეს, მათი აზრით, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო სტატუსის მისაღებად აუცილებელ 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს. უმეტესობა – 55% ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, 37% კი საპირისპიროს ფიქრობს.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ 2023 წელს ქვეყანა ვერ მიიღებს ამ სტატუსს, 37%-ის აზრით კი – მიიღებს.

მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს, თუ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ვისი მიღწევა იქნება ეს – 51% საქართველოს ხელისუფლებას ასახელებს, 12% ევროკავშირს, 6% კი ოპოზიციურ პარტიებს.

საპირისპირო კითხვაზე – თუ საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, ვისი პასუხისმგებლობა იქნება ეს – 64% ასახელებს ხელისუფლებას, 8% ოპოზიციურ პარტიებს, ხოლო 6% ევროკავშირს.


IRI-ს კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. მასში მონაწილეობა საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო. ისინი ინტერვიუს გზით გამოჰკითხეს.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს 2.5%-ს.

სრულად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.


2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ამ ვადამ გადაიწია და 2023-ის ბოლოს გადაწყდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი.

ამ თემაზე ნახეთ ასევე:

როგორ (არ) სრულდება “ყველაზე უწყინარი” რეფორმა EU-ს 12-პუნქტიანი გეგმიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი