უკრაინაში დაიღუპა მოსკოვის ეპარქიის სასულიერო პირი, დეკანოზი მიხაილ ვასილიევი.
მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, ვასილიევი 6 ნოემბრის დილას, უკრაინაში „სპეცოპერაციის ზონაში“, პასტორალური მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. მოსკოვის საპატრიარქოსვე ცნობით, მიხაილ ვასილიევი სოფელ ვლასიხაში, სტრატეგიული სარაკეტო ძალების შტაბ-ბინაში, დიდმოწამე ბარბარესა და წმინდა ილია მურომელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო და „როგორც მღვდელი, იმყოფებოდა მივლინებებში „ცხელ წერტილებსა“ და სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოში, ბოსნიაში, აფხაზეთში, ყირგიზეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და სირიაში“.
რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიხაილ ვალიევის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ტელეკომპანია Сретение-ის მთავარმა რედაქტორმა დიმიტრი პერშინმა თავის ფეისბუქზე დაწერა: „ჭურვის ნამსხვრევებმა დაასრულა მამა მიხაილ ვასილიევის სიცოცხლე, რომელიც ამჟამინდელ „ოპერაციაში“ რუს სამხედროებს ასაზრდოებდა. მრავალი წლის განმავლობაში, არაფორმალურად და ფაქტობრივად, საჰაერო-სადესანტო ჯარების კაპელანი იყო“.
სტრატეგიული სარაკეტო ძალების ტაძარი, რომლის წინამძღვარიც იყო ვასილიევი, თავის საქმიანობას ასე აღწერს: „სასულიერო პირები მონაწილეობენ ჯარის ცხოვრების ყველა ფორმატში: ახალგაზრდა ახალწვეულთა ფიცის დადებიდან სტრატეგიული სარაკეტო ძალების სამხედრო საბჭოების შეხვედრების ჩათვლით და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საწვრთნელ ბაზებზე რაკეტების გაშვების მომზადებასა და განხორციელებაში“.
ვასილიევმა ბოლოს ყურადღება მიიქცია იმით, რომ მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილი ტელეკომპანიის ეთერში გააკრიტიკა ისინი, ვინც მობილიზაციას გაურბიან.
წამყვანმა მას ჰკითხა, შეუძლია თუ არა გაუგოს დედას, რომელმაც ერთადერთი ვაჟი მობილიზაციისგან დასახსნელად კანარის კუნძულებზე წაიყვანა.
„მე კარგად მესმის, რომ უფალმა, უმეტეს შემთხვევაში, ყველა ქალბატონს უბოძა მრავალი შვილის გაჩენის შესაძლებლობა. თუ ქალბატონმა ღვთის ამ შეგონების — „ინაყოფიერე და გამრავლდი“ — შესრულებისას შესაბამისად უარი თქვა ხელოვნური აბორტის ფართო დიაპაზონზე, მაშინ, ცხადია, უმეტეს შემთხვევაში, ერთზე მეტი შვილი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ისე მტკივნეული და საშიში იქნება [შვილთან] თუნდაც ცოტა ხნით განშორება“, — უპასუხა მან.
ვასილიევის ამ სიტყვების გამო აგორებული სკანდალის შემდეგ, საზოგადოებასთან და მედიასთან საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილემ ვახტანგ ყიფშიძემ Gazete.ru-ს განუცხადა, რომ „თითოეული ბავშვის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ბევრი მათგანია ოჯახში თუ ერთი, მშობლისთვის ერთნაირად ღირებულია“.
