ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს

6 ნოემბერი, 2022 • 1103
მოქალაქის თქმით, თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს

17 წლის ბიჭი ამბობს, რომ თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. მოქალაქემ შესაბამისი პოსტი, ვიდეოსთან ერთად, 6 ნოემბერს გამოაქვეყნა “ფეისბუკზე”.

“ეს “კაცი” თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. რა შენი საქმეა, მე რა მეცმევა-მეთქი და დავიწყეთ კამათი.

მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია. მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა.

მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112-ში დავრეკე. ეს კაცი მოვლით მემუქრებოდა. სხვა გზა არ მქონდა”, — წერს მოქალაქე.

მისი თქმით, მოგვიანებით კაცმა ხელიც დაარტყა.

“დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126-ში გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით.

ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე. მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა”, — აღნიშნავს ის და დასძენს, რომ შემდეგ პოლიცია მივიდა. გამოუძახეს სასწრაფოსაც.

“ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში ვინც ჩემი უფლებები შელახა აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!

გახსოვდეთ ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გახსოვდეთ ჩვენ გავიმარჯვებთ!” — ამატებს მოქალაქე.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი