დღეში მინიმუმ ერთი ადამიანი ინფიცირდება აივ ვირუსით საქართველოში. შიდსის ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში სულ შიდსის ვირუსით ინფიცირების 2364 შემთხვევაა ოფიციალურად დაფიქსირებული, მათგან 1750 მამაკაცია, 614 კი– ქალი.
აივ ინფექციის პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.
აივ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს იყო. წელიწადის განმავლობაში 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯერ კიდევ 2010 წლის 25 თებერვლის მონაცემებით, საქართელოს მასშტაბით 61 ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა. დღეს, კი, ეს რიცხვი 67 ადამიანით გაიზარდა.
უახლოესი ორი თვის მანძილზე 26 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 10- აჭარაში, ამდენივე სამეგრელოში, 8– იმერეთში.
რაც შეეხება აფხაზეთს, თუ თებერვლის მონაცემებს შევადარებთ, აივ ინფიცირებულების რაოდენობა აფხაზეთში 5 ადამიანით გაიზარდა.
ფატი გაბუნია, შიდსის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტი, ამბობს, რომ შიდსის ცენტრში (თბილისში) გალიდან და აფხაზეთის სხვა ქალაქებიდან ჩამოდიან.
თბილისის შემდეგ, აივ ინფიცირების გავრცელების მხრივ, ყველაზე ცხელი წერტილები დასავლეთ საქართველოს რეგიონებია.
შიდსის ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29- დან 40 წლამდე მერყეობს. თუმცა, 2010 წელს აივ ინფექცია 2 ბავშვს აღმოაჩნდა.
საქართველოში ინტრავენური ნარკომანია, სტატისტიკის მიხედვით, აივ ინფექციის გადადების მთავარი საშიშროებაა. 59% 2364 დაავადებულიდან, ამ გზით არის დაინფიცირებული. ჰეტეროსექსუალური კონტაქტით ინფექცია 34,7% –ს გადაეცა.
უახლოესი ორი თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა გადადების ისეთი გზები,როგორიც არის: ვერტიკალური (დედიდან შვილზე) და სისხლის გადასხმით შედეგადად მომხდარი დაინფიცირება.
შიდსი დედამიწის ხუთივე კონტინენტის 213 ქვეყანაში გავრცელებული დაავადებაა. ინფიცირებულთა 90% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. აივ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ოფიციალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. თუმცა, რეალურად, ყველაზე მეტი ინფიცირებული, შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აფრიკის კონტინენტზე მოდის. მაგალითად, სუბსაჰარული აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 30%–ია აივ–ით ინფიცირებული.
შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დაავადების შედეგად 20 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ 2005 წელს დაინფიცირდა 4,9 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 700 000 ბავშვი. ამავე წელს შიდსის ვირუსით სამ მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, 34 მილიონ ადამიანზე მეტია აივ/შიდსის მატარებელი.
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ნახევარი 15- დან 24 წლამდე ასაკის ადამიანებზე მოდის. თუ 2002 წლამდე ინფიცირებულთა უმრავლესობა მამაკაცი იყო, დღეს დაავდებულთა თითქმის ნახევარი ქალია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული აივინფიცირებულების სტატისტიკა, ჩამოუვარდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნისას, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი. შიდსის ცენტრში ფიქრობენ, რომ
”შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა იმალება.”
გამოკვლევები და მკურნალობა შიდსის ცენტრში ნებისმიერი დაავადებულისთვის უფასოა.