ახალი ამბები

ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა — მხარეებმა თანამშრომლობაზე ისაუბრეს

4 ნოემბერი, 2022 • 797
ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა — მხარეებმა თანამშრომლობაზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა.

შოლცი G7-ის პირველი ლიდერია, რომელიც ჩინეთს ეწვია კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ.

შეხვედრაზე ლიდერებმა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიოში დაძაბულობაა.

შოლცის ვიზიტმა გერმანიასა და ევროპაში ერთგვარი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩინური კომპანია მზად იყო, შეეძინა ჰამბურგის პორტის აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ეწინააღმდეგებიან გერმანიის მთავრობის, სულ მცირე, 6 სამინისტრო და გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები.

მათი განცხადებით, მსგავსი შეთანხმება ჩინეთს მიანიჭებს გერმანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის საშუალებას.

თუმცა კანცლერი მხარს უჭერს გარიგების დადებას, ოღონდ აქციების წილის და, შესაბამისად, გავლენის, 24.9 პროცენტამდე შემცირების დათქმით.

შოლცი, რომელიც ჰამბურგის ყოფილი მერია, ახლო კავშირს ინარჩუნებს ქალაქის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, რომლის წარმომადგენლების თანახმადაც, ჩინური ინვესტიცია ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ევროკავშირი, როგორც წესი, ჩინეთს კონკურენტად აღიქვამს. ევროპელები პეკინს ხშირად ადამიანის უფლებების დარღვევაშიც ამხელენ.

ვიზიტის მოწინააღმდეგეთა დასამშვიდებლად შოლცმა განაცხადა, რომ პეკინში, გარდა გერმანიისა, ევროპის ინტერესებსაც წარმოადგენს.

„ჩვენ შევეცდებით ვითანამშრომლოთ იქ, სადაც ეს შესაძლებელია და ემთხვევა ჩვენს საერთო ინტერესებს, მაგრამ თვალს არ დავხუჭავთ განსხვავებებზეც. როცა პეკინში წარვდგები, როგორც გერმანელი კანცლერი, მე ასევე ვარ ევროპელიც“, — განაცხადა შოლცმა.

გერმანია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყანათა შორის, რომელიც შესაძლოა, ეკონომიკური რეცესიის წინაშე აღმოჩნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი