ახალი ამბები

“დაეხმარეთ მთავარ არხს” – ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან

3 ნოემბერი, 2022 • 870
“დაეხმარეთ მთავარ არხს” – ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია მოსახლეობას და ორგანიზაციებს “მთავარი არხის” დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ იგი საუბრობს წერილში, რომელიც მისმა მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა დღეს, 3 ნოემბერს წაიკითხა.

“მთავარარხელებო, ბიჭებო და გოგოებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ცხადია, ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც. მორალური პრეცედენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას.

გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. მე თავს კარგად ვგრძნობ. ჩემზე არ იდარდოთ, არხს მიხედეთ.

დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა “მთავარის” ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს.

არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს, არხი უნდა გარადჩეს. ამას თქვენს გასაგონად არ ვამბობ. თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რამე მიზნის მიმართ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს მთავარი არხის გადარჩენაა.

ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ მთავარს. იმათაც, ვისაც პირდად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს, ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა “მთავარი არხის” დახმარებაა.

დაეხმარეთ მთავარს, ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ მთავარი. ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით. გინდა ერთი ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით, გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა, გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა. გინდა ადამიანმა, გინდ ორგანიზაციამ. გინდ შემოწირულობით, გინდ რეკლამით. დაეხმარეთ მთავარ არხს, დაეხმარეთ მთავარს – ჩვენს თავისუფლებას. გთხოვთ უმორჩილესად”, – წერს გვარამია.

“მთავარი არხის” დამფუძნებელს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

სააპელაციო სასამართლომ გუშინ, 2 ნოემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახამადაც ნიკა გვარამიას იმ ეპიზოდის გამოც მიუსაჯა პატიმრობა, რომლის შემთხვევაშიც პირველი ინსტანციის სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა, თუმცა მისი პატიმრობის ვადები არსებითად არ შეცვლილა.

გვარამიას დაკავების შემდეგ “მთავარ არხის” გარშემო არსებულ ფინანსურ პრობლემებზე გააქტიურდა საუბარი. არხზე დაიხურა რიგი გადაცემები, ჟურნალისტების ნაწილმა კი ტელეკომპანია დატოვა. “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში მითითებული აქვს ანგარიშის ნომრები და სლოგანი “გადაარჩინე მთავარი არხი”.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.

გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, 11:10 საათისთვის, გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ორგანიზაციამ მოუწოდა, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

პრეზიდენტმა 2 ივნისს, – როცა გვარამია ახლად დაპატიმრებული იყო, – განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა თქვა, რომ ეს „პოლიტიკურად არ იყო დროული“.

2 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, „ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი