სახალხო დამცველობის კანდიდატი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია.
ამის შესახებ მან დღეს, 3 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა. „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჩაჩავას ჰკითხა, არსებობენ თუ არა საქართველოში უკანონო ან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული ან დევნილი ადამიანები.
„მე ვფიქრობ, რომ შერჩევითი სამართლის ელემენტები ნამდვილად არის და არ შემიძლია არ აღვნიშნო გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა და მართლაც ყველა გამოეხმაურა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში, უფლება, რომელიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლება, იქნება გამოყენებული ნიკა გვარამიასთან მიმართებაში“, – განაცხადა ჩაჩავამ.
ნაცვლიშვილის კიდევ ერთ კითხვაზე, რას ფიქრობს სასამართლოზე, არსებობს თუ არა კლანი სასამართლოში და რას გააკეთებს ამ პრობლემის დასასრულებლად, ჩაჩავა პასუხობს, რომ პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი არის მისი აღიარება და შეფასება.
„შემდგომ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის და გამოწვევის მოსაგვარებლად. გავლენის ჯგუფების შესახებ მე ან ჩემს ორგანიზაციას სასამართლოს მონიტორინგის გამოცდილება არ გვაქვს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ჯგუფები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არაერთი ანგარიში საუბრობს ამ ხარვეზებზე“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.
გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, 11:10 საათისთვის, გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ორგანიზაციამ მოუწოდა, შეიწყალოს ნიკა გვარამია.
პრეზიდენტმა 2 ივნისს, – როცა გვარამია ახლადდაპატიმრებული იყო, – განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა თქვა, რომ ეს „პოლიტიკურად არ იყო დროული“.
2 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, „ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა“.
ვრცლად: