ახალი ამბები

გადასახადი საცხოვრებელზე ერთ წელში 27.0 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

3 ნოემბერი, 2022 • 823
გადასახადი საცხოვრებელზე ერთ წელში 27.0 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ფასები სურსათისა და საცხოვრებლის ქვეჯქუფებზე შემდეგნაირად გაიზარდა:

  • პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი);
  • რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი);
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი);
  • ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი);
  • ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი);
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი);
  • თევზეული (12.3 პროცენტი);
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი);
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი);
  • ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი);
  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი)

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც ამჟამინდელი მონაცემებით, 7.6 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 11.0 პროცენტი აქვს დადგენილი. განაკვეთის ოდენობა ბანკმა ბოლო სხდომისას უცვლელად დატოვა.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.

ინფლაციის დონე მოქმედებს საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების ნაწილზეც. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის ზომა აღემატება ფონდის მონაგებს, მაშინ მოქალაქეთა დანაზოგები უფასურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი