ახალი ამბები

EU აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება გვარამიას საქმეს და ხაზს უსვამს დამოუკიდებელი მედიაგარემოს მნიშვნელობას

3 ნოემბერი, 2022 • 815
EU აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება გვარამიას საქმეს და ხაზს უსვამს დამოუკიდებელი მედიაგარემოს მნიშვნელობას

ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ “ყურადღებით აკვირდება” აღნიშნულ საქმეს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესპიკერმა 2 ნოემბერს გააკეთა.

ევროკავშირი განცხადებაში აღნიშნავს, რომ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით “დაისვა კითხვები” და გამოყოფს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველყოფას შეეხება:

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.

ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.
ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ „უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლისსამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით “დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად”.

ამასთან, აცხადებს, რომ მზად არის, საქართველოს მხარი დაუჭიროს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, “რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით”.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. განაჩენი 2 ნოემბერს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი