ახალი ამბები

მელია პრეზიდენს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

2 ნოემბერი, 2022 • 572
მელია პრეზიდენს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან დღეს, 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მელიას თქმით, “მთავარი არხის” დამფუძნებლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი “ოლიგარქის ნების აღსრულებაა” და ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის განზრახ შეფერხებას ემსახურება:

“საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია უკვე გაკეთებული აქვს, ევროპისგან 12 პუნქტი გადაეცა შესასრულებლად. 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას. იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ, ოლიგარქიულ რეჟიმს საქართველოში.

“სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებაც – გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები[…]

მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით, არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პარალელურად.

შესაბამისად, მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი – გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას”, – განაცხადა მელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. განაჩენი დღეს, 2 ნოემბერს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.

სააპელაციო სასამართლომ გვარამიასა და მასთან ერთად მსჯავრდებული კახა დამენიას საჩივრები არ დააკმაყოფილა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, ბრალის დამძიმება კი, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა. საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიყენა.

3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გვარამიას მისჯილი ჰქონდა 2019 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა (მანქანის საქმეზე).

სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მანქანის ნაწილში დაუტოვა სასჯელად 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ხოლო 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, ასევე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ  3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი