ახალი ამბები

“ჭორაობაში არ ავყვები” – აქუბარდია ვაშაძეს პასუხობს

2 ნოემბერი, 2022 • 932
“ჭორაობაში არ ავყვები” – აქუბარდია ვაშაძეს პასუხობს

პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია, რომელმაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა, ყოფილ თანაპარტიელს, გიორგი ვაშაძეს პასუხობს და ამბობს, რომ გუნდიდან გასული წევრებისთვის პოლიტიკური იარლიყების მიწებება არის „ქართული ოცნების“ გაცვეთილი ხერხი.

ამის შესახებ აქუბარდიამ ნეტგაზეთს განუცხადა.

აქუბარდიას თქმით, მასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება ჭორაობაა, რაშიც აყოლას არ აპირებს.

„ქვეყნის მართვაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკური ლიდერის მხრიდან ჭორაობა ყოფილ თანაგუნდელზე არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს საზოგადოების თვალში. შესაბამისად, მე პირადად არ ვაპირებ ჭორაობაში აყოლას.

რაც შეეხება მის მცდელობას, წარმოაჩინოს ჩემი მომავალი “ქართულ ოცნებასთან “ერთად, ვიტყვი მხოლოდ ერთს: ეს ძალიან წააგავს “ქართული ოცნების” გაცვეთილ ხერხს გუნდიდან გასული წევრებისთვის პოლიტიკური იარლიყების მიწებების შესახებ და ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ დროს, არა მგონია, ეს სწორი ფორმა იყოს ბრაზის გამოსახატავად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გუშინ, პირველ ნოემბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიიდან თეონა აქუბარდიას წასვლასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ აქუბარდია მათი პარტიის დიდი სახე არ ყოფილა და მას „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დიდი მომავალი აქვს.


თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელს“ დატოვების შესახებ 28 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის“ დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი