ახალი ამბები

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს

28 ოქტომბერი, 2022 •
თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც აქუბარდია წერს, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში “სტრატეგია აღმაშენებელის” დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის.

მისი თქმით, ის ტოვებს პარტიას, თუმცა რჩება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად წარმოდგენილია “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი.

„პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი, ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.

შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის“ დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“, – წერს თეონა აქუბარდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი