ახალი ამბები

“გოცირიძეზე” სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები — კალაძე

1 ნოემბერი, 2022 • 774
“გოცირიძეზე” სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. მის ამ კომენტარს წინ უძღოდა “ანტიკორუფციული მოძრაობის” განცხადება, რომელმაც ისაუბრა მერიის “უპასუხისმგებლობასა” და სატრანსპორტო კომპანიის “გულგრილობაზე”.

“კეზეროვიჩების განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება გოცირიძის მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, იმ დღესვე შესაძლებელი იქნება [სადგურის გახსნა]”, – დასძინა კალაძემ.

მისი თქმით, მეტროსადგური მეხუთე კატეგორიის შენობა-ნაგებობაა და ექსპლუატაციაში მის მიღებაზე ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი.

2 წელზე მეტია მეტროსადგური “გოცირიძე” მგზავრებს ვერ ემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები იქ 2020 წლის ივლისში დაიწყო და რამდენიმე კომპანია გამოიცვალა. საბოლოოდ ვადამ 2022 წლის ოქტომბრამდე გადაიწია.

“თბილისის მერიის უპასუხისმგებლობის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გულგრილობის შედეგია დაუსრულებელი მეტროსადგური გოცირიძე, სადაც სამუშაოები 2 წელზე მეტია მიმდინარეობს”, — აღნიშნავს ანტიკორუფციული მოძრაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი