ახალი ამბები

შსს: პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავა

1 ნოემბერი, 2022 • 835
შსს: პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავა

საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 24 პირი დააკავა.

უწყების განცხადებით, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის, უკანონო გასაღების მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 18 პირი.

შსს-ს თქმით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. უწყების განცხადებით, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა.

ამასთანავე, შსს-ში ამბობენ, რომ თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი დააკავეს.

უწყების განცხადებით, 1977 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის. 1986 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე – ი.ლ. და ი.პ. კი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს თქმით, დაკავებულების ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“:

„გარდა ამისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 3 პირი: 1976 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ბ., 1995 წელს დაბადებულ ა.ს. და 1970 წელს დაბადებული რ. ნ.

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღკვეთეს ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც და ყაზახეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებული პირები ჩართული იყვნენ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“. ისინი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ, შემდეგ კი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 490 აბი „სუბუტექსი“. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა კიდევ 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი, შსს-ს თქმით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ,“ „კეტამინი“ და „სუბუტექსი.“

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი