ახალი ამბები

შემწეობის მიმღებთა მოსალოდნელი შემცირება

13 მაისი, 2010 • 1098
შემწეობის მიმღებთა მოსალოდნელი შემცირება

 

თამარის დასახლებაში, სამოთახიანი ბინის შესასვლელი ხის კარი შელახულია. საბჭოთა ეპოქაში აშენებული 9-სართულიანი კორპუსის ბინა დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ მფლობელს ჩაჰბარდა – აბაზანა და სამზარეულო კერამიკული ფილების, დამხმარე ოთახები კი ხის იატაკის გარეშე.

ამ პირობებში ოთხწევრიანი ოჯახი ცხოვრობს (გვარებს არ ვასახელებთ). ოჯახის დიასახლისი, პროფესიით მედდა, გვეუბნება, რომ წლებია არც მას, არც მის მეუღლეს არ უმუშავიათ. შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღეს, მაგრამ უნივერსიტეტიდან დიპლომების გამოტანისთვის საჭირო ფული არ აქვთ. ოჯახს თვიდან თვემდე თავი ნათესავების შემოწირულობებით გააქვს. ოჯახის სარეიტინგო ქულაა 60 080-ია, რაც საკმარისი არ არის ფულადი შემწეობის მისაღებად.

ც.მ.: “სოციალური მომსახურების სააგენტოში ისევ ვაპირებთ განაცხადის შეტანას. პრეზიდენტმა თქვა, რომ მარტივდება შემწეობის მიღება. ტელევიზორს, მაცივარს და მობილურ ტელეფონს ყურადღება აღარ მიექცევა”.

იმავეს აპირებს მეჯინისწყალზე მცხოვრებ ბოლქვაძეების ოჯახიც. ორსართულიან კერძო სახლს სახურავი არ აქვს. ორი ოთახი შედარებით კეთილმოწყობილია, დანარჩენს ოჯახი სათავსოდ იყენებს. დიასახლისი ამბობს, რომ ეპილეფსით და დიაბეტითაა დაავადებული. ბოლქვაძეების საკარმიდამო ნაკვეთი დაახლოებით 2 300 კვ/მეტრია. ოჯახის სარეიტინგო ქულაა 58 890.

სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების შეცვლაზე საჯარო განცხადებებმა მათ შემწეობის მიღების მოლოდინი გაუჩინა. თუმცა, როგორც შესაბამისი დოკუმენტებით დავადგინეთ, მათ მოლოდინს რეალური საფუძველი არ აქვს.

გასაიდუმლოებული მეთოდოლოგია
ოჯახის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ახალი მოდელი ძალაში პირველ ივნისს შევა. შესაბამისი დადგენილება (#93) მთავრობამ მიმდინარე წლის 30 მარტს მიიღო: “…დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია”. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებას თან არ ერთვის სწორედ ეს “მეთოდოლოგია”. ხელმიუწვდომელია ოჯახის დეკლარაციის ფორმაც. ორივე – შეფასების მეთოდოლოგიაც და დეკლარაციაც, რატომღაც გასაიდუმლოებულია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა – ეკა სულხანიშვილმა საბოლოოდ ის გვიპასუხა, რომ ახალი მეთოდოლოგიისა და დეკლარაციის ნახვას მხოლოდ პირველი ივნისის შემდეგ შევძლებთ.

“ბათუმელებმა” მოახერხა ოჯახის დეკლარაციის ახალი ფორმის (გამოკითხვის დროს რაც ივსება) მოპოვება, რომლის მიხედვითაც ოჯახის შეფასების კრიტერიუმები 1-ლი ივნისიდან უფრო მკაცრდება. ახალი კრიტერიუმებით ყურადღება მიექცევა იმას, ოჯახს აქვს თუ არა სათიბი, ციტრუსი, კივი ან ფეიჰოა, ჩაი, ლობიო, სოია, ბოსტნეული, ბახჩეული, რაც, ბუნებრივია, აისახება ქულათა რაოდენობაზე. ამ ყველაფერს დღემდე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, ამიტომ დიდია ალბათობა, რომ შემწეობა იმ ოჯახებმაც ვერ მიიღონ, რომლებიც მას იღებენ.

ადლიაში შემწეობის მიმღები ბრუნჯაძეების ორსულიანი ოჯახი 54 ლარს იღებს. ოჯახის ერთი წევრი პენსიონერია (სარეიტინგო ქულა 44 000). შესაძლებელია ამ ოჯახმა ივნისიდან შემწეობა ვერ მიიღოს. მათ აქვთ: 2500 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ნათესავების დახმარებით ამუშავებენ, მანდარინის ნარგავები, დამხმარე ნაგებობები, მოჰყავთ ბოსტნეული (ამ ყველაფერს აქამდე ყურადღება არ ექცეოდა).

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ასევე ვკითხულობთ: “მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ოჯახის კეთილდღეობის შეფასების მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირების სქემაში. დეკლარაციაში აღარ განიხილება ისეთი მკაცრი კრიტერიუმები, როგორიცაა ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, მაცივარი, სარეცხი მანქანა. დეკლარაციაში გათვალისწინებული არ იქნება იურიდიული პირის მიერ ნაჩუქარი ნივთები. ყურადღება გამახვილდება ოჯახში არსებულ ფუფუნების საგნებზე – პლაზმურეკრანიან ტელევიზორზე, მუსიკალურ სისტემაზე, სატელიტურ ანტენაზე, კომპიუტერზე” და ა.შ.

ბათუმსა და ხელვაჩაურში “ბათუმელების” მიერ გადამოწმებული იმ ოჯახების შემოსავლები, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, ძალიან მწირია, მაგრამ ყველა ამ ოჯახს აქვს ტელევიზორი, მაცივარი, ან ორივე ერთად. ზოგან კი ოჯახის ერთი წევრი მაინც სარგებლობს მობილური ტელეფონით. გამოდის, რომ ეს კრიტერიუმები მხედველობაში ისედაც არ მიიღებოდა.

მინური აბულაძე, სოციალური მომსახურების რეგიონალური სამსახურის უფროსი: “რთულია იმის თქმა, მიიღებს თუ არა კონკრეტული ოჯახი მეთოდოლოგიის შეცვლის შემდეგ შემწეობას. მიწის ფართობს ადლიაში, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვს, ვიდრე ხულოში და, ბუნებრივია, ამას გაითვალისწინებენ. შეიძლება დახმარებას ვერ მიიღებს ის, ვისაც აქამდე ეხმარებოდნენ, მაგრამ დასაშვებია, რომ პირიქითაც მოხდეს”.

ახალი კრიტერიუმებით ყურადღება მიექცევა იმას, “ჰყავს თუ არა ოჯახს სრულწლოვანი შვილები, რომლებიც ცხოვრობენ დამოუკიდებელად და თუ ჰყავს რამდენი?” ასევე სოციალური აგენტი გაითვალისწინებს პოტენციურ ბენეფიციარს ძირითადი საცხოვრებლის გარდა სხვა საცხოვრებელი: ბინა, სახლი და აგარაკი თუ აქვს”.

ჩვენ მიერ შესწავლილი რამდენიმე ოჯახი, სავარაუდოდ, ახალი მეთოდოლოგიის ძალაში შესვლის შემდეგ შემწეობას დაკარგავს. მაგალითად, თამარის დასახლებაში (#5 კორპუსში) ორი ოჯახი იღებს შემწეობას. სიხარულიძეებს, რომლებიც უმუშევრები არიან, ჩოხატაურში აქვთ სოფელი და მამისეული სახლი. ჟ.ლ. კი, ლოგინადაა ჩავარდნილი. მას ჰყავს ქალიშვილი ქობულეთში, რომლის ოჯახი მეფუტკრეობით ირჩენს თავს. ასეთი ინფორმაციის დეკლარაციაში შეტანა კი ამ ოჯახების ქულათა რაოდენობას გაზრდის.

მართალია, შეფასების ახალი კრიტერიუმებით მხედველობაში აღარ მიიღება ოჯახში ფარდების მდგომარეობა, მაგრამ ივნისიდან არსებითი ყურადღება მიექცევა ოჯახის წევრების ჩაცმულობასა და სახლის იატაკის მდგომარეობას.

გამგებლები და შემწეობები
ქართულ მედიაში ოჯახის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის თემა ორი მიმართულებით გაშუქდა. სახელისუფლებო მედიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ შემწეობის მიღება მარტივდება. კრიტიკულმა მედიამ კი ეს გამარტივება შეაფასა, როგორც წინასაარჩევნო კამპანია.

პრესაში დაიწერა: “ხელისუფლებამ წინასაარჩევნო “კოზირების” გადმოგდება დაიწყო. პირველი სამიზნე უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა გახდა. მთავრობა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ასეთი ადამიანების თავის მოქონვის შესახებ. დაპირების აღსრულება პირველი ივლისიდან იგეგმება”.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების გამოვლენის დროს პრიორიტეტი თემებსა და მუნიციპალიტეტებს მიენიჭება. პარლამენტარ მაგდა ანიკაშვილის აზრით, ახალ მოდელში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების ჩართვას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მისი აზრით, არის საშიშროება, რომ ეს თემა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენონ: “გამგებლები აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ახლა ამას ისიც თუ დაემატება, რომ მათი გადასაწყვეტი იქნება, ვინ მიიღებს შემწეობას და ვინ არა, ეს რთულ პოლიტიკურ ვითარებამდე მიგვიყვანს”.

მართალია, ახალი მოდელი ძალაში არჩევნების მეორე დღეს შევა, მაგრამ ამ სტატიაზე მუშაობის დროს “ბათუმელებმა” ასეთი ფაქტი დააფიქსირა: წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, თამარის დასახლებაში მცხოვრებ ოთხი შვილის დედას, მისი თქმით, შემწეობის დანიშვნას მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ჯუმბერ კახიძე, რობერტ ჩხაიძე და გია ბარამიძე დაჰპირდნენ. ამ ქალბატონთან ჩაწერილი ინტერვიუ წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაშიც აჩვენეს, სადაც ის მიღებულ დაპირებაზე საუბრობდა.

ოჯახის ერთ წევრზე შემწეობის თანხა 30 ლარია, ყველა მომდევნო წევრზე კი – 24 ლარი. ამ დახმარებას დღეს ის ოჯახები იღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება. “ბათუმელები” ათამდე იმ ოჯახს გაესაუბრა, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 ათასზე მეტია.

სტატისტიკა
პირველი ივნისიდან ოჯახის მდგომარეობა 5-ბალიანი სისტემის ნაცვლად 9-ბალიანი შკალით შეფასდება: უკიდურესად ღატაკი; უკიდურესად ღატაკსა და ღატაკს შორის; ღატაკი; ღატაკსა და ღარიბს შორის; ღარიბი; ღარიბსა და საშუალო შეძლებას შორის; საშუალო შეძლების; საშუალო შეძლებას და მდიდარს შორის; მდიდარი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის მარტის მონაცემებით, აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 42 534 ოჯახიდან შემწეობას 11 715 ოჯახი იღებს. აქედან ქალაქ ბათუმში – 1559 ოჯახი, ქობულეთში – 3487, ხელვაჩაურში – 2426, ქედაში – 1081, შუახევში – 852, ხულოში – 2310 ოჯახი.

ანუ სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი უმრავლესობა სწორედ სოფლებში ცხოვრობს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართულ მეთოდოლოგიაში კი წერია, რომ შემწეობას ის ოჯახები ვერ მიიღებენ, ვისაც, მაგალითად, მიწის ნაკვეთი აქვს.

სააგენტოს მონაცემებით აჭარაში გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მარტამდე იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც შემწეობას იღებენ, 446-ით გაიზარდა. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზას კი აღნიშნულ ორ-სამ თვეში მთლიანობაში 795 ოჯახი დაემატა. ამავე მონაცემებით ამჟამად აჭარაში მცხოვრები ოჯახების თითქმის მეოთხედი, 19 074 ოჯახი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.

იგივე მდგომარეობაა დანარჩენ საქართველოშიც: ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რიცხვი 34 058-ით გაიზარდა. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში კი რეგისტრირებულია 544 031 ოჯახი, რაც მთლიანად ქვეყანაში მცხოვრები ოჯახების 46,3 პროცენტია.

რამდენიმე დღის წინ კი ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის „სასწაულებრივ ტრანსფორმაციაზე“ ისაუბრა. მან თქვა: „52 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობდა, ახლა ეს 22 პროცენტია“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა, ჯერჯერობით, ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას. მაგრამ 1-ლი ივნისიდან, როცა ოჯახის კეთილდღეობის კოეფიციენტის გამოთვლის ახალი კრიტერიუმები და მეთოდოლოგია შევა ძალაში, სტატისტიკასა და პრეზიდენტის განცხადებას შორის სხვაობა ნაკლები იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი