ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა მემარცხენე კანდიდატმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ.
წინასწარი მონაცემებით, ლულამ ხმების 50.9% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ კი — 49.1%.
ლულა იყო ბრაზილიის პრეზიდენტი 2003-2010 წლებში. 2018 წელს დააპატიმრეს ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-თან ხელშეკრულებების სანაცვლოდ, სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღების ბრალდებით. ლულამ ციხეში 580 დღე გაატარა და 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო. მოგვიანებით ნასამართლობა გაუუქმდა და პოლიტიკურ ბრძოლას დაუბრუნდა.
ლულამ არჩევნების პირველ ტურში საერთო ხმების 48 პროცენტი მიიღო და 5 პროცენტით აჯობა მის უშუალო კონკურენტს – ბოლსონარუს, რომელმაც მხოლოდ 43 პროცენტის მოპოვება შეძლო.
ბოლსონარუ კონსერვატორი პოლიტიკოსია, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, მხარს უჭერს “ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს, თავისუფალ ბაზარს, ამაზონის ტყეების ათვისებას, ებრძვის კრიმინალს და ნარკოტიკებს”.
მეორე მხრივ, ლულა მხარს უჭერს ამაზონის ტყეების დაცვას, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების რეალიზებას, გენდერულ და რასობრივ თანასწორობას და ეკონომიკაში სოციალური პოლიტიკის განხორციელებას.