ახალი ამბები

რუსეთი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე დადებულ შეთანხმებას აჩერებს

29 ოქტომბერი, 2022 • 720
რუსეთი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე დადებულ შეთანხმებას აჩერებს

რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპოერტის შესახებ დადებული შეთანხმებიდან გადის და კიევს სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

დღეს, 29 ოქტომბერს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კიევმა დრონებით იერიში მიიტანა სევასტოპოლში განლაგებულ რუსეთის ფლოტზე, რა დროსაც დაზიანდა სულ მცირე ერთი ხომალდი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მხარეს ამ დრომდე არ დაუდასტურებია, თუმცა პირველი განცხადებიდან მალევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფლოტი მარცვლეულის საექსპორტო კორიდორს იცავდა და მომხდარის გამო მოსკოვი შეთანხმებიდან გადის:

„29 ოქტომბერს ბრიტანეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის გამო ხომალდებზე, რომლებიც მარცვლეულის კორიდორის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, რუსეთი აჩერებს შეთანხმებას, რომელიც უკრაინული პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს ეხება“ – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სევასტოპოლი ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. BBC აღნიშნავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინელების სამიზნე აპრილში გახდა, როცა კრეისერი „მასკვას“ ჩაძირვა შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი